logo
ENG



TI: წელს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა იყო

25 დეკ 202313:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/25/n54ho028cess0p8.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, სხვა წლების მსგავსად, მიმდინარე წელსაც შეიმჩნეოდა მმართველი პარტიისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევები.

მათი ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა.

ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ სხვადასხვა უწყებიდან გამოითხოვა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე.

მათგან ერთ საქმეზე გამოძიება შეწყდა, 4 საქმე არსებითი განხილვის მიზნით სასამართლოში გადაიგზავნა, 9-ზე კი - გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, 6 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ დაიწყო.

TI გამოყოფს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის სამ ძირითად კატეგორიას, რაც მოიცავს მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმებს, მუქარისა და სავარაუდო დაშინების მცდელობებს, ასევე, საპროტესტო აქციებზე განხორციელებულ ძალადობას, დაკავებასა და დაჯარიმებას.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები, მათ მიმართ მუქარა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინებისა და დისკრედიტაციის მცდელობების გახშირებული შემთხვევები, დანაშაულების გამოუძიებლობა და დაუსჯელობა კლეპტოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მახასიათებელია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციისა და 2024 წლის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების პირისპირ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ მმართველმა პარტიამ უზრუნველყოს შიშისგან თავისუფალი და უსაფრთხო მედიაგარემო, სადაც ჟურნალისტები დაუბრკოლებლად შეძლებენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას და შესაბამისად, საზოგადოების სათანადო ინფორმირებას. TI ამის ერთ-ერთ წინაპირობად ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დროულ გამოძიებასა და დამნაშავეთა დაუსჯელობის დასრულებას ასახელებს.


close დახურვა