logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: არადიპლომატიური აბსურდი

27 დეკ 202321:28
3 წუთის საკითხავი
clock 598

მადლობა ბატონ ღარიბაშვილს იმ საოცარი სანახაობისთვის, რომელიც მისი დამსახურებით გუშინ მთელმა საქართველომ იხილა. პოლიტიკური აბსურდის თეატრის ამაზე უფრო ოსტატურად დადგმული გარემო, რომელიც საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე სუფევდა, ალბათ რთულად წარმოსადგენია.

პრემიერის გამოსვლა რაღა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენებითა და მადლობებით დაიწყო, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლიდან 10 წლის თავზე, მართლაც "გააოცა" ევროპა და ღარიბაშვილისავე რწმენით საქართველო მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიების ათეულში შეიყვანა. არადა დემოკრატიის მიღწევებით ტრაბახობდა კაცი, რომლის წინაც ცარიელი სკამი იდგა. ის სკამი, რომელზეც ჯერ კიდევ შარშანწინ, კონსტიტუციურად, საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი, საქართველოს პრეზიდენტი იჯდა. აი შარშან, უკვე აღარ იჯდა, თუმცა კედელთან მაინც იდგა პროტესტის ნიშნად, რადგან პროტოკოლის დარღვევით მისი სკამი უკან გადააჩოჩეს. ხოლო წელს, პრეზიდენტს მოსაწვევიც კი არ გაუგზავნეს. სინამდვილეში ამ დარბაზში, პრეზიდენტიც, პრემიერიც, მთავრობაც და საერთოდ პოლიტიკური ძალაუფლების მთავარი და ერთადერთი მდგენელი დემონსტრაციულად იყო სწორედ ის ადამიანი, რომლის სახელისა და გვარის მოკრძალებით ხსენებითაც, წლის დიპლომატიური და პოლიტიკური აქტივობების შედეგი, მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა მილიარდი დოლარით გამდიდრებული პატრონისვე ახალგახსნილ სასტუმროში შეაჯამა.

ვითარება აბსურდულობისა და ტრაგიკულობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანა ღარიბაშვილის გამოსვლის შინაარსმა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალურად გამორჩეული და ამავე დროს მათი სამსახურებრივი თუ ცხოვრებისეული გარემოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ყველაზე ინფორმირებული საჯარო მოხელეების ნაწილი მორჩილად და უდრტვინველად ისმენდა სიცრუესა და ციფრებით მანიპულირებას.

როდესაც ამ ადამიანებს ასეთი სისულელის მოსმენას აკადრებ და მეტიც, საერთაშორისო დონეზე მის ტრანსლირებას აიძულებ, ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ საქმე გვაქვს პარტიულ დიქტატს დაქვემდებარებულ, პრიმიტიული მესიჯების ქვეყნის გარეთ გამტანი სამსახურის თანამშრომლებთან, რომლებიც ბრძანების შემთხვევაში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, პრეზიდენტის სურათისა და სახელმწიფო სიმბოლიკის ნაცვლად, ივანიშვილის საოჯახო პორტრეტებსაც მორჩილად დაკიდებენ. არადა ეს უწყება, იმ დიპლომატიური კორპუსის მემკვიდრეა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ურთულეს წლებში აგურ-აგურ შენდებოდა და ათასგვარი სიძნელის, თუ ფინანსური სიდუხჭირის მიუხედავად, საკუთარ რიგებში ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური ელიტის გამორჩეულ ნაწილს იზიდავდა.

ამაზე უფრო მეტად ღირსების შემლახავი დამოკიდებულება ქართული დიპლომატიური სკოლის მიმართ ძნელი წარმოსადგენია. თუმცა, ვითარებას ის აუარესებს, რომ ამას მისივე მანიპულირებული სამყაროს ჩარჩოებში გამოკეტილი და მართლაც სრულ აბსურდამდე მისული რეალობის განმასახიერებელი ივანიშვილის მსახური ღარიბაშვილი აკეთებს, რომელიც როლში იმდენად ღრმადაა შესული, რომ იმ სისულელეების და მანიპულაციური სტატისტიკური მონაცემების თავადაც სჯერა - სადაც საქართველო მსოფლიოსა თუ ევროპაში ლიდერია ეკონომიკური ზრდის, სიღარიბის აღმოფხვრის, კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის, კარგი მმართველობის თუ სხვა არაერთი მიმართულებით .

რა როლს, ან როგორ თამაშობს ღარიბაშვილი, ნაკლები პრობლემა იქნებოდა, რომ არა ფაქტი, რომ ის საქართველოს პრემიერმინისტრია. მინისტრები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ჯარი, პოლიცია თუ სხვა უწყებები ამ ადამიანის დაქვემდებარებაშია და რომლებიც მათი სურვილების მიუხედავად, ამ აბსურდის თეატრის ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც ორ რადიკალურად განსხვავებულ რეალობას ქმნის: ჩვეულებრივი ადამიანების უმძიმეს საცხოვრებელ გარემოს და ერთგვარ ფიქციურ სამყაროს, რომელსაც ღარიბაშვილის მსგავსი ივანიშვილის მოლაპარაკე თავები წარმოგვიდგენენ. მხოლოდ დროის საკითხია ხელოვნურად შექმნილი ეს ილუზია როდის მოვა სერიოზულ წინააღმდეგობაში სინამდვილესთან და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საშიშია, ეს კონფლიქტი მომავალში რა ფორმებს მიიღებს.

შეხვედრაზე ასევე პირდაპირ ითქვა მომავალი წლის მთავარი გამოწვევის შესახებ, რაც მტრული ძალების მხრიდან არეულობის მომზადება ყოფილა, რომელიც ქართული ოცნების პროპაგანდისტული საშუალებების უკვე დამუშავებულ ნარატივს რომ დავესესხოთ, ჩვენი “დაუძინებელი მეგობრებიდან” - დასავლეთიდან შეიძლება მოდიოდეს. აი ქართული სახელმწიფოს ნამდვილ, მართლაც დაუძინებელ მტერზე პრემიერის დიპლომატებისადმი მიმართვაში ადგილი არ მოინახა. გასაგებია, რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს პირდაპირ “დაუძინებელ მტრებად” ვერ მონათლავდნენ, თუმცა ამ სიტყვათწყობის სულისკვეთება, ჩვენი ყველაზე ფასეული პარტნიორების მტრებად გამოცხადებისა და მათი ადგილობრივი მოკავშირეების, ,,დასავლეთის აგენტების“ წინააღმდეგ რეპრესიების ახალი და უფრო ინტენსიური ფაზის დაანონსებად უნდა მივიჩნიოთ.

და ბოლოს, არც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები და არც მშვიდობიანი რევოლუცია 2024 წელს ქვეყანაში გამორიცხული არ არის. თუმცა, იმის თქმა, რომ ამისთვის ოპოზიციიდან ვინმე წინასწარ სერიოზულად ემზადება, სრული აბსურდია. მასშტაბური წინააღმდეგობის საპროტესტო მუხტი ქვეყანაში მხოლოდ ხელისუფლების თავგასულობის და მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედების შედეგად იქმნება. რაც ბუნებრივია, შეიძლება გამოიყენოს უკეთეს შემთხვევაში პოლიტიკურმა ოპოზიციამ ორგანიზებულობისა და მომენტუმის შეგრძნების გათვალისწინებით. თუმცა, ამ მხრივ ოპოზიცია ვერც ვერაფერს მოახერხებს და არც არაფერი გამოუვა, თუ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ არ გადაწყვიტა, რომ ერთი კაცისა და მისი კლანის უსაზღვროდ გამდიდრების და მათ მიერვე თავსმოხვეული პოლიტიკური აბსურდის სტატისტებად არ გავჩენილვართ და მითუმეტეს ამ დამამცირებელი ხვედრისთვის საკუთარი მომავალი არ გვემეტება.

 

 

 

 


close დახურვა