logo
ENG



"არაერთი კანონდარღვევისთვის წულუკიანმა პასუხი აგოს" - პროფკავშირების მიმართვა

09 იან 202419:28
3 წუთის საკითხავი
 
"არაერთი კანონდარღვევისთვის წულუკიანმა პასუხი აგოს" - პროფკავშირების მიმართვა

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრები, მეცნიერები, ხელოვანები, პედაგოგები და კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანები თეა წულუკიანთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ და მოითხოვენ, რომ მან "არაერთ ჩადენილ კანონდარღვევაზე პასუხი აგოს".

გთავაზობთ განცხადებას:

"ვგმობთ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მინისტრ წულუკიანის რეპრესიულ, მიზანმიმართულად დამანგრეველ, ანტიეროვნულ, ანტისოციალურ და არაკვალიფიციურ პოლიტიკას, რომელსაც ეწირება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია, საერო, რელიგიური და პრეისტორიული არქეოლოგიური და ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა, მუზეუმები, სამეცნიერო დაწესებულებები, თეატრები, კინო, ოპერა, შემოქმედებითი სივრცეები, მწერლობა, ხელოვნება და ადამიანები.

მინისტრის მხრიდან სისტემატურად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შრომითი კოდექსი და რადიკალურად იზღუდება კულტურის სფეროს სპეციალისტთა პროფესიული საქმიანობა. ადგილი აქვს ადამიანების შევიწროებისა და მათზე ზეწოლის ფაქტებს.

მოვითხოვთ, მინისტრმა დაუყოვნებლივ აგოს პასუხი ჩადენილი არაერთი კანონდარღვევისა და უსამართლობისთვის, როგორიცაა: გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის დამძიმება, შრომის კოდექსის დარღვევა, კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების შეურაცხყოფა, მათ მიმართ ცილისწამება, ასეულობით ადამიანის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება და სხვა მრავალი.

ასევე მოვითხოვთ, კულტურის სფეროს ინსტიტუტებს მიენიჭოს პროფესიული ავტონომია, შეუფერხებლად გაგრძელდეს სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სახელოვნებო და საგამოფენო პროექტების განხორციელება, კანონის შესაბამისად გაიცეს არქეოლოგიური გათხრების ნებართვები, შეწყდეს რეპრესიები და სრულად აღდგეს კულტურის სფეროში დასაქმებულთა უფლებები".

განცხადებას 430 ადამიანი უერთდება.


close დახურვა