logo
ENG



ჯაფარიძე: მნიშვნელოვანია, ჩინეთმა საქართველოს დეოკუპაციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს

15 იან 202412:04
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ჩინეთთან ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია, ჩინეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს. მისი თქმით, ამის შესახებ საუბარი რამდენიმე თვის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ ყოფილა.

"როდესაც გაფორმდა ჩინეთთან სტაბილური ურთიერთობების შესახებ შეთანხმება ღარიბაშვილის ხელმოწერით, აქ არ იყო საუბარი იმაზე, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დეოკუპაციას, როცა მეორე მხრივ, საქართველომ თქვა, რომ ის მხარს უჭერს ერთიან ჩინეთს.

აქედან გამომდინარე, ჩინეთთან ურთიერთობაში ეკონომიკური ასპექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა მკაფიოდ გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს დეოკუპაციის მიმართ", - განაცხადა მან.

გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.

დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გია ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი და ვიქტორ სანიკიძე.

ქართული ოცნების წევრების ჩინეთში ვიზიტი 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.


close დახურვა