logo
ENG



ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

16 იან 202411:09
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა. ასევე, ადმინისტრაციის თქმით, ხაზი გაესვა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსაც.

"მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, ქ. პეკინში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს − სი ძინ პინს შორის გამართულ შეხვედრას, მის მნიშვნელობას საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში. ისაუბრეს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეთა მიერ განსაზღვრული გეგმების რეალიზაციის საკითხებზე.

ელჩმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ტაივანში გამართული ე.წ. არჩევნების შესახებ, რაზეც პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა", - ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან, 14 იანვარს, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.

დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გია ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი და ვიქტორ სანიკიძე.

ქართული ოცნების წევრების ჩინეთში ვიზიტი 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.


close დახურვა