logo
ENG



მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა

16 იან 202411:35
3 წუთის საკითხავი
 

მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს "ერ ტე დეს" და შპს "მილენიუმ ბილდერს გრუპს" .

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის წერილი 15 იანვრითაა დათარიღებული და  ნათქვამია, რომ "დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის".

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2023 წლის 19 მაისის N14-01231393226 წერილით დაგევალათ სამუშაოების დაწყება 2023 წლის 20 მაისიდან, ხოლო, ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე ინსპექტირებას შემსყიდვლის მხრიდან განახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, დაფიქსირებული იქნა, ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის (ინსპექტირება) განმახორციელებელი პირებისგან, კერძოდ, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არ წარმოების არაერთი შემთხვევა, ასევე წარმოდგენილ გეგმაგრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა. კერძოდ, 2023 წლის 18 ივნისს, 07 ივლისს, 12 ივლისს, 14 ივლისს, 27 ივლისს, 31 ივლისს, 08 აგვისტოს, 19 აგვისტოს, 04 სექტემბერს და 2024 წლის 10 იანვარს, 11 იანვარს სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებებით დადგინდა, რომ მიმწოდებელი აღნიშნულ მომენტში ობიექტზე არ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, შესაბამისად გატარდა N01.01.01/30/85 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი საჯარიმო სანქციები. შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ"-ს მიერ მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება ზემოაღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები, რაც აღინიშნება კიდეც სამუშაოების დროს განხორციელებული ინსპექტირებებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამსახურის მიერ გატარებული სანქციებით.

დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და სამსახურის მიერ ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე. ასევე, ტექნიკური ზედამხედველის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილებით (N70-01240093447 - 09/01/2024; N70-0124012903 - 12/01/2024; N70- 01240122846 - 12/01/2024; N70-0123348457 - 14/12/2023; N70-01233203171 - 16/11/2023; N70-01233243583 - 20/11/2023) ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ.

ზემოაღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01.01.01/30/85 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებისას ორჯერ გამოვლენილი ფაქტის შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი არ ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს) შესაბამისად, ცალმხრივად შეგიწყდათ ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის მე-9 მუხლის 9.10 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოგერთმევათ სრულად შემსყიდველის სასარგებლოდ"- აღნიშნულია დოკუმენტში.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო და 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.


close დახურვა