logo
ENG



მერიის მტკიცებით, წერეთელზე საავტომობილო მოძრაობა სრულად "დათქმულ ვადაში" აღდგება

16 იან 202412:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/16/c3asxj3qk2geekj.png

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამტკიცებს, რომ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად "დათქმულ ვადებში" აღდგება.

"თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.

ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში"- ამტკიცებენ მერიაში. 

მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს "ერ ტე დეს" და შპს "მილენიუმ ბილდერს გრუპს" .

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის წერილი 15 იანვრითაა დათარიღებული და  ნათქვამია, რომ "დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და სამსახურის მიერ ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე".

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო და 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.


close დახურვა