logo
ENG



პაპუაშვილი "ეკლესიაზე შეტევის" ბრალდებით NGO-ებსა და USAID-ს ესხმის თავს

20 იან 202413:54
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი "ეკლესიაზე შეტევის" ბრალდებით NGO-ებსა და USAID-ს ესხმის თავს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოვლაბის წევრს, გიორგი კანდელაკს, ასევე, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს ესხმის თავს და მათ "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში" ადანაშაულებს.

პაპუაშვილი საუბრობს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მაგალითად მოჰყავს იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ხატი და აცხადებს, რომ ეს შეტევა "კოორდინირებულია".

მისი თქმით, "დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის" ნაზავი გასცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და მიუახლოვდა იმ "საშიშ ზღვარს, რომლის მიღმაც სამოქალაქო მშვიდობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეიძლება იყოს".

პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს არასამთავრობო სექტორების დაფინანსებაზეც და აცხადებს, რომ "ე.წ. ენჯეო-სექტორი თითქმის სრულად არის დომინირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით პარტიულ პროპაგანდას ეწევიან".

ის ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს "რელიგიურ შეუწყნარებლობასა და რელიგიური ისტერიის გაღვივებაში" ადანაშაულებს და ხაზს უსვამს, რომ ცენტრი USAID-ის ერთ-ერთი პროგრამით ფინანსდება.

"რაც შეეხება ამ ე.წ. ცენტრის დაფინანსებას. როგორც ირკვევა, ის ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროგრამის ერთიანობა მრავალფეროვნებაშია ფარგლებში. მე ძალიან ვწუხვარ, რომ, უკვე მერამდენედ, USAID ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში.

აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას და თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს.

საქართველოს ეკლესიის და მისი მრევლის წინააღმდეგ საქმიანობის ხელშეწყობა ქართველი ხალხის ინტერესს რომ არ პასუხობს, ეს თავისთავად ცხადია, თუმცა მე, ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის დაფინანსება არც ამერიკელი ხალხის ინტერესშია. ამიტომ, ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში", - აცხადებს პაპუაშვილი.

ის სხვა დონორებსაც მიმართავს და აცხადებს, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე კანონმდებლობის არარსებობის პირობებში, "მსგავსი ფაქტები" საზოგადოებისთვის მხოლოდ პერიოდულად და შემთხვევით ხდება ცნობილი. პაპუაშვილი დონორებს მოუწოდებს, არ დაელოდონ "მსგავსი სკანდალების" შემთხვევით გამჟღავნებას და თავად გადაამოწმონ.


close დახურვა