logo
ENG



"ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს" - კალაძის თქმით, თბილისის დინამოს ყიდვას არ აპირებს

22 იან 202413:25
3 წუთის საკითხავი
 
"ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს" - კალაძის თქმით, თბილისის დინამოს ყიდვას არ აპირებს

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის დინამოს ყიდვის არც ინტერესი და არც ფინანსური შესაძლებლობა აქვს. კალაძე რომ საფეხბურთო კლუბის შეძენით არის დაინტერესებული, ამის შესახებ ინფორმაცია შაბათის ფორმულამ 20 იანვარს გაავრცელა. კლუბის გაყიდვაზე ინფორმაცია თბილისის დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ფორმულას დაუდასტურა.

კალაძე ამბობს, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა.

"დინამოს გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება დაიწყო ამ კლუბიდან. მე არ მაქვს ინტერესი, რომ დინამო თბილისი შევიძინო, უბრალოდ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შეიძლება რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და საუკეთესო შედეგები მივიღო. ამიტომ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს ან ვერ გაკეთდეს.

არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა.  მარტო შეძენა ხომ არ არის. ამას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რომ ყველაფერი გამართული იყოს. მე მხედველობაში მაქვს, რომ ისეთი გუნდი გაკეთდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს თბილისის დინამო, მე უბრალოდ ამას ვერ და არ გავაკეთებ, რომ გუნდი იმავე მდგომარეობაში მყავდეს. მე არ მაქვს ამის შესაძლებლობა", - თქვა კალაძემ.

შაბათის ფორმულას ცნობით, კახი კალაძე, რომან ფიფიას ბიზნეს წილებით ჯერ კიდევ 2 წლის წინ, მაშინ დაინტერესდა, როდესაც კლუბის პრეზიდენტმა თბილისი დინამოს გაყიდვის შესახებ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. მაშინ, ფიფია კლუბს 25 მილიონად აფასებდა, დედაქალაქის მერი გავლენიან ბიზნესმენს 1 წლის წინ, პირისპირ შეხვდა და 25-ს ნაცვლად 50 მილიონი შესთავაზა. თუმცა, რომან ფიფიამ მილანის ყოფილი მცელი და თბილისის მოქმედი მერი უარით გაისტუმრა.

შაბათის ფორმულას სანდო წყარო დედაქალაქის მერის გარემოცვიდან უყვება, რომ კალაძემ ამ ეტაპზე დინამოს გადაფორმება მეგობარ ბიზნესმენს სთხოვა.


close დახურვა