logo
ENG



სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა საჭიროებს მშენებლობას, რეაბილიტაციას ან რემონტს - CCIIR

25 იან 202415:27
3 წუთის საკითხავი
clock 455
2024/01/25/cxiackr6jma9seu.jpg

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტექნიკით აღჭურვის შესახებ ახალი ბიულეტენი მოამზადა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბიულეტენი მომზადდა მუნიციპალიტეტებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. აქვე, აღნიშნავენ, რომ განათლების სამინისტროსგან და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან საჯარო ინფორმაცია ვერ მიიღეს.

CCIIR-ში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტებმა/რესურსცენტრებმა - გორის, მარნეულის, ზესტაფონის, ბოლნისის, სამტრედიის, კასპის, ქარელის, ახალციხის, ახმეტის, ყვარლის, წალენჯიხის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებმა, თბილისის მერიამ და მის ტერიტორიაზე განლაგებულმა ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის რესურსცენტრებმა მონაცემები არ მიაწოდეს.

CCIIR-ში აცხადებენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა საჭიროებს მშენებლობას, რეაბილიტაციას ან რემონტს. აქვე, ამბობენ, რომ ამჟამად 1 561 სკოლის შესახებ მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს სკოლების 59% საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლის მშენებლობას ან რემონტს.

კვლევის მიხედვით, საქართველოში სკოლების მხოლოდ 31%-ს აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. სკოლების 64% არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ხოლო დარჩენილ ნაწილს აქვს ან ვირტუალური/კომპიუტერული საბუნებისმეტყველო ლაბორატორია ან მოძველებული ლაბორატორიები, რომელთა რეალური გამოყენება ვერ ხერხდება.

ამასთან, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თბილისში სკოლების დაახლოებით 80%-ს გააჩნია რაიმე სახის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, მაშინ როცა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 87%-მდე სკოლებს არ გააჩნია არც ახალი, არც მოძველებული და არც ვირტუალური ლაბორატორია.

ამასთან, კვლევის მიხედვით, დიდი ქალაქების (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი) სკოლების 50%-ს აქვს სასკოლო ლაბორატორია. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ალაქებიდან გამოირჩევა ბათუმი, რომლის 27 სკოლიდან 26 სკოლაში არის ლაბორატორია. შედარებით ცუდი ვითარებაა რუსთავში, სადაც 26 სკოლიდან მხოლოდ 8 სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.

ამასთან, მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სკოლების 87%-ს აქვს კომპიუტერები და პრინტერები. ასევე, სკოლების 90%-მდე მიუთითებს, რომ აქვთ ინტერნეტი, თუმცა გადამოწმებისას პირად კომუნიკაციაში აღნიშნავენ, რომ არსებული ინტერნეტი, დაბალი ხარისხის გამო რთულად გამოიყენება რეალურად სწავლებისა და მართვის პროცესში და, ფაქტობრივად, ფორმალურად არის სკოლების ნაწილში.

კომპიუტერის, პრინტერისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემები იკვეთება ლანჩხუთის, ჩხოროწყუს, დმანისის, სიღნაღის, ჭიათურის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლაში.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ბიულეტენში ვკითხულობთ, რომ სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და აღჭურვილობა მკვეთრად განსხვავდება რეგიონების მიხედვით: 

  • თბილისში სკოლების დაახლოებით 80%-ს აქვს რაიმე სახის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, მაშინ, როცა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 87 %-მდე სკოლებს არ გააჩნია არც ახალი, არც მოძველებული და არც ვირტუალური ლაბორატორია. დეტალური ინფორმაცია
  • რეაბილიტირებული ან გარემონტებული სკოლების ხვედრითი წილი მაღალია თბილისში (51%), ხოლო ძალიან დაბალია სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (11-12%)

 

 


close დახურვა