პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების გუნდთან ერთად მიიღო.
ღარიბაშვილმა ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების ერთ-ერთ "მიზეზად" როტაციის პრინციპი დაასახელა და თქვა, რომ "გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა".
"დღეს მე ვტოვებ პრემიერმინისტრის თანამდებობას - ნება მომეცით, მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზი. გასული წლის ბოლოს საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი საქმიანობის შესახებ. [...]
მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიე. მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა. ჯამში, ყველაზე მეტხანს, 5 წელი ვიყავი პრემიერმინისტრი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა.
ახალი ამოცანების წინაშე ვართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და ქართული ოცნება უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად და გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.
ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.