logo
ENG



გახარიას თქმით, ივანიშვილს "არ აქვს რესურსი", რომ მასთან დებატებზე უარი თქვას

05 თებ 202409:17
3 წუთის საკითხავი
clock 664
2024/02/05/2nu3v7vwqezx9vt.jpg

პარტია საქართველოსთვის ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი არ გახდება ქართული ოცნების პოლიტიკური კამპანიის სახე და ლიდერი, ეს ნიშნავს, რომ - ის ან აყალბებს 2024-ის საპარლამენტო არჩევნებს, ან შეეგუა აზრს, რომ ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას გადააბაროს.

გიორგი გახარიამ ეს განცხადება საკუთარ YouTube-ის არხზე დაწყებულ ახალ გადაცემაში გააკეთა, რომელსაც გახარიას კვირა ჰქვია. გადაცემა ჟურნალისტ თეონა გეგელიას მიჰყავს.

ინტერვიუს განმავლობაში გახარიამ არაერთხელ მოუწოდა ბიძინა ივანიშვილს დებატებისკენ. გახარიას თქმით, ივანიშვილთან დებატები მომავალზე მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეების წინაშე თავს ვალდებულად მიიჩნევს, აჩვენოს ივანიშვილის რეალური სახე, რისი დანახვაც თავის დროზე თავად ვერ შეძლო. გახარია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს "არ აქვს რესურსი, უარი უთხრას დებატებზე".

"მასთან დებატები მომავალზე, არა წარსულზე, ჩემთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი თუნდაც მორალურად იმიტომ, რომ მე ვალი მაქვს, რომელიც ჩემს მოქალაქეებს უკან უნდა დავუბრუნო და დავანახო ის ნამდვილის სახე, სამწუხაროდ, რომელიც მეც ვერ დავინახე თავის დროზე და რომლის გამოც მეც გარკვეული შეცდომები დავუშვი", - თქვა გახარიამ.

გახარიას თქმით, დღეს მმართველი პარტია "დეგრადირებულია" და ივანიშვილის გამოჩენით, პარტიაში სამთავრობო გადაადგილებით ნათელი გახდა, რომ მათი მიზანი ძალაუფლების გახანგრძლივებაა.

"მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ 3 წლის განმავლობაში ეს გუნდი შეიძლება ასე დეგრადირებულიყო. დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის უმიზნო, ერთმანეთზე გადაკიდებული ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ქვეყანაზე თუ ფიქრობენ, ისიც ხანდახან, მათი მთავარი მიზანი არის კორუფცია, ერთმანეთთან ბრძოლა, ძალაუფლების გახანგრძლივება და ეს ყველაფერი, პირველი, ივანიშვილის გამოჩენით, დაბრუნებით, შემდგომ ამ სამთავრობო გადაადგილებით გახდა ნათელი - ეს ყველაფერი ადამიანებმა დაინახეს", - ამბობს გახარია.

გარდა ამისა, გახარიამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი მასთან დებატებს დათანხმდება, "არცერთ სიტყვას წარსულზე არ იტყვის", რათა "ნაციონალურმა მოძრაობამ არ ისარგებლოს ოცნების დეგრადირებული და დასუსტებული სახით".

"დღეს ცოტა სხვა პოზიცია მაქვს და ვთვლი, რომ ეს დებატები გარდა იმისა, რომ აუცილებელია, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ მას არ აქვს რესურსი, ამაზე უარი თქვას. ის თუ არ გახდა ამ საარჩევნო კამპანიის სახე, გამოსავალი არის ორი - პირველი ის, რომ ის ემზადება არჩევნების გასაყალბებლად, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც მისგან ელოდებიან ნებართვას, ისინი დამოუკიდებელ პოლიტიკას ქვეყანაში ვეღარ გაატარებენ და ის ადამიანები, რომლებიც გამოვიდა და ერთი გააგდო, მეორე დააწინაურა - ამის უკან არანაირი ახსნა-განმარტება არ ყოფილა, გამოდის, რომ ეს ხალხი არაფერიც პასუხისმგებელი არ არის.

ამიტომ ვთვლი, რომ იმ შემთხვევაში თუ, ივანიშვილი არ გახდება პოლიტიკური პროცესის ნაწილი კი არა, ოცნების მხრიდან ხელმძღვანელი საარჩევნო კამპანიის და თვითონ არ აიღებს პასუხისმგებლობას ღიად, ისე როგორც თავისი გამოსვლით, არა საპატიო თავმჯდომარე, საპატიო თავმჯდომარე ხომ იცით როგორი რაღაცაა - თან ხარ, თან არ ხარ, სადღაც შუაში ხარ. შეგიძლია თქვა, რომ მე საპატიო თავმჯდომარე ვარ, აგერ ღარიბაშვილია, რაც გინდა ის დაუძახე და მას ელაპარაკეთ. ან, აგერ, მთავრობის თავმჯდომარე ჰყავთ – რაც გინდა, ის ათქმევინე. როდესაც ეს ადამიანები მან გააწესა ისეთ პოზიციებზე, სადაც მათ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ეს რიგითი მოქალაქეების შეურაცხყოფაა, ასე არჩევნებს ვერ მოიგებს. [...]

მას მოუწევს პოლიტიკურ პროცესში უფრო აქტიური ჩართვა - ეს ნიშნავს კამპანიას, დებატებს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას - მე შემიძლია დავპირდე, რომ არცერთ სიტყვას ამ დებატების დროს წარსულზე არ ვიტყვი, არცერთი სიტყვით წარსულს არ შევეხები და შემიძლია აგიხსნათ რატომ - მე მაქვს იმდენი პასუხისმგებლობა, რომ ეს დეგრადირებული და დასუსტებული სახე, რომელიც საზოგადოებამ დაინახა, არ მივცე ამათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს ნაციონალურმა მოძრაობამ", - ამბობს გახარია. 


close დახურვა