საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, მისი შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა ობიეტურია.
თუმცა ამასთან, ალასანია აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება კლინიკა ვივამედის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია.
"არაფერი სანუგეშო ჩემთვის პირადად, არ არის. დასკვნა არის სრულიად ობიექტური, მე ვენდობი ამ ექიმებს. მე პირადად, გაუმჯობესებას ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი კეთდება ამისთვის.
ეს არის წამება თავისთავად. სრულიად უდანაშაულო ადამიანს რომ მოათავსებ და გამოკეტავ ასეთ იზოლაციაში, ეს უკვე წამებაა. არავითარი იმედი არ ჩანს, რომ ეს ადამიანი ოდესმე მორჩება, პირიქით, ჩანს ყველანაირი ნიშანი, რომ ეს ადამიანი უნდა მოკლან", - ამბობს ალასანია.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს დასკვნა გამოაქვეყნა. ომბუდსმენის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში ბოლოს 2024 წლის 25 იანვარს მოინახულა.
დასკვნის თანახმად, ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში და ნეგატიურ ორთოსტატიურ ტესტში. თუმცა, აღნიშნულია, რომ კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია. ექიმთა ჯგუფის აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.
კონსილიუმის დასკვნის თანახმად, არსებული დადებითი დინამიკა განპირობებულია იმით, რომ პაციენტი წელიწად-ნახევარზე მეტია იმყოფება პოლიპროფილურ კლინიკაში მაღალპროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობის და მკურნალობის ქვეშ. თუმცა, აღნიშნულია, რომ ყველა ფსიქონევროლოგიური პათოლოგია კვლავ იგივე ხარისხისაა.