კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი ხელოვანების ბოიკოტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პროტესტში პრობლემას ვერ ხედავს.
წულუკიანის ამბობს, რომ თუ ხელოვანები ბოიკოტს შეწყვეტენ, თანამშრომლობა გაგრძელდება და მათთვის "სამინისტროს კარი ღიაა".
"პროტესტი არის ძალიან კარგი. რამდენიც უნდათ, ყველამ იმდენი უნდა იპროტესტოს. ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ, როცა ვიყავით ოპოზიციაში, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მშვიდობიანი პროტესტის საშუალება. ვისაც უნდა, უნდა იყოს ბოიკოტში, ვისაც უნდა, უნდა იყოს პროტესტში. ვინც გადაწყვეტს, რომ აღარ იქნება ბოიკოტში, ჩვენი კარი როგორც ღია იყო, ისევე ღიაა ახლაც. მაგრამ, ხდება ხანდახან ისე, რომ ზოგი ამბობს: "ვარ ბოიკოტში", და შემდეგ ფეისბუქზე მომწერს, რომ "არ ვარ ბოიკოტში და რა ვქნა, დამაფინანსე". ეს არ მგონია ღირსეული საქციელი, თუმცა ჩემი კარი ყველასთვის ღიაა და მითუმეტეს უფრო ფართოდ არის ღია სამინისტროს კარი ყველა ხელოვანისთვის... ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ არ გეთანამშრომლები. თუ აღარ იქნება ბოიკოტი, თანამშრომლობა შედგება", - თქვა წულუკიანმა.
ის ასევე პარლამენტთან მიმდინარე ხელოვანების აქციას და მათ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ისინი საკანონმდებლო ორგანოსგან წულუკიანის მიმართ უნდობლობის გამოცხადებას ითხოვდნენ:
"ჩვენ ვერ ვისაუბრეთ მინისტრის გადაყენებაზე, რომელიც ჯერ დამტკიცებულიც კი არ არის. თუ საკითხი ეხება იმას, რომ პარლამენტმა ამა თუ იმ კანდიდატს არ გამოუცხადოს ნდობა, ეს კითხვა ჩემთან არ არის, ეს კითხვა არის პარლამენტთან. პარლამენტის გადასაწყვეტია კონკრეტულ მინისტრს, მინისტრებს და შემდეგ შემადგენლობას გამოუცხადოს თუ არა ნდობა. ამიტომ, რაც არ არის ჩემი გადასაწყვეტი - ჩემ თავს მე ხომ არ ვუცხადებ ნდობას, მიცხადებენ სხვები, ამას აკეთებენ დეპუტატები. ამიტომ ეს პროტესტი რა თქმა უნდა არის სახეზე, თავისუფლებაა ჩვენს ქვეყანაში. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ", - ამბობს თეა წულუკიანი.
***
"წულუკიანი არ უნდა იყოს მინისტრი" - პარლამენტის უკანა შესასვლელთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ. ხელოვანები მოუწოდებენ დეპუტატებს, კულტურის მინისტრობის კანდიდატ წულუკიანს ნდობა არ გამოუცხადონ.