logo
ENG



"კრიტიკული მედიისადმი მუქარა, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები" - HRC მედიაგარემოს აფასებს

08 თებ 202413:32
3 წუთის საკითხავი
clock 414
2024/02/08/fcnf31eainknjyb.jpg

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) 2023 წლის მედიაგარემოს შეფასების ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია მედიის თავისუფლების, ჟურნალისტების უფლებებისა და პლურალიზმის მდგომარეობაზე.

ანგარიშში საუბარია: ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებსა და ხელისუფლების ბოიკოტზე მათ მიმართ, ასევე, დეზინფორმაციულ კამპანიებზე.

HRC-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გახშირებულია ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინების, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები.

ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე არაეფექტური რეაგირება იწვევს დაუსჯელობის შეგრძნებას, რასაც შედეგად "მსუსხავი ეფექტი" აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე და დამატებით ახალისებს ძალადობას.

კვლევის ძირითად მიგნებებში ასევე ნათქვამია, რომ:

  • მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პერმანენტულ ხასიათს ატარებს. მსგავსი თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, ხელისუფლება და მასთან აფილირებული პირები არიან. დეზინფორმაცია გამოიყენება კრიტიკული მედიასაშუალებების დისკრედიტაციისა და მოსახლეობაში მათ მიმართ ნდობის დაკარგვის მიზნით;
  • კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მხრიდან შექმნილმა მტრულმა გარემომ გაართულა მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულება;
  • მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე კრიტიკულად არის შეზღუდული. ხელისუფლება კვლავ ბოიკოტს უცხადებს მისთვის არასასურველ მედიებს, ცალკეულ შემთხვევებში არ უშვებს ან არ იწვევს მათ საჯარო ღონისძიებებზე;
  • SLAPP-ის საჩივრების გამოყენება ჟურნალისტების წინააღმდეგ არის კიდევ ერთი საშუალება, რომლითაც მმართველი პარტია და მასთან აფილირებული პირები ცდილობენ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაჩუმებას.

დოკუმენტი ასევე მიმოიხილავს მედიაზე კანონის სახელით ზეწოლის შემთხვევებსაც. დოკუმენტში, ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებზე დაყრდნობით წერია, რომ ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეების გააქტიურება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდებში ხდება, რაც მიუთითებს შესაძლო პოლიტიკურ მოტივზე ხელისუფლების მხრიდან, რომლის საბოლოო მიზანიც ტელეკომპანია ფორმულაზე ზეგავლენის მოხდენაა.

დოკუმენტი ციტირებს მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებას, რომლის თანახმადაც, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაზრდის წნეხს ტელევიზიაზე და მაუწყებლის საქმიანობის სიცოცხლისუნარიანობაზე იმოქმედებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს რეკომენდაციებს, რომლებიც მედიაგარემოს გასაუმჯობესებლადაა საჭირო:

  • ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიისა და ჟურნალისტების უფლებების საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცვა.
  • ეფექტურად უნდა იყოს გამოძიებული მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის, დაშინებისა თუ პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის შემთხვევები;
  • დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები კრიტიკული მედიის მფლობელებისა თუ ოჯახის წევრების მიმართ. 
  • სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებელი უნდა იყვნენ თავიანთ საქმიანობაში და შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღება;
  • მედიასა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს უშუალოდ დაინტერესებული პირებისა და დამოუკიდებელი აქტორების მონაწილეობით, ჩართულობით და ფართო კონსესუსის საფუძველზე. 
  • გადაიხედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი და გაფართოვდეს მისი დაცვის სფერო.
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ, მედიის და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით, უზრუნველყოს სიძულვილის ენასა და უხამსობის განმარტებასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება.
  • ხელისუფლებამ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა უნდა შეწყვიტონ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და საკუთარი რესურსი გამოიყენონ რუსულ დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად, რაც გულისხმობს საზოგადოების განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ უნდა ამოიცნოს და წინააღმდეგობა გაუწიოს დეზინფორმაციას.
  • მმართველმა პარტიამ შეწყვიტოს ბოიკოტი კრიტიკული მედიების წინააღმდეგ. ანტაგონისტური და მტრული გარემო უნდა შეიცვალოს პროფესიული და ჯანსაღი თანამშრომლობით.
  • ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ ეფექტური წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, მათ შორის, საჯარო ღონისძიებებზე.
  • მმართველმა პარტიამ და მასთან აფილირებულმა პირებმა უნდა შეწყვიტონ SLAPP სარჩელების შეტანა კრიტიკული მედიისა და აქტივისტების წინააღმდეგ. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა დაიცვას ჟურნალისტები SLAPP საჩივრებისგან. მედიის წარმომადგენლების მხრიდან უნდა გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები პროფესიული და ეთიკური სტანდარტების გაძლიერებასა და პრაქტიკაში მათ გამოყენებასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2023 წლის მედიაგარემოს შეფასების ანგარიში სრულად. 


close დახურვა