logo
ENG



ქემოკლიძე: გახარიას ნათქვამი "ქართულ-ჯიგრულ პონტში" ტერმინოლოგიის თვალსაზრისით შეცდომა იყო

14 თებ 202410:25
3 წუთის საკითხავი
clock 918
2024/02/14/10cl6g4tgzh7zpg.jpg

პარტია საქართველოსთვის პოლიტიკური მდივანი კახა ქემოკლიძე ამავე პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას - "ქართულ-ჯიგრულ პონტში" ტერმინილოგიის თვალსაზრისით შეცდომას უწოდებს.

პალიტრანიუსის ეთერში მან თქვა, რომ გახარია ამ განცხადებით რეფერირებას არა კორუფციულ გარიგებაზე, არამედ კორონავირუსის დროს საშვების დაშვებაზე აკეთებდა.

"გულწრფელად გეტყვით, ეს განცხადება ტერმინოლოგიის თვალსაზრისით იყო შეცდომა. ამას გეუბნებით, როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი, ყოფილი თანამშრომელი და ასე შემდეგ.

ტექნიკურად ამ განცხადების გაკეთება იყო შეცდომა, მაგრამ ის რეფერირებას ამ განცხადებით რაიმე კორუფციულ გარიგებაზე კი არ აკეთებდა, კოვიდკრიზისის დროს საშვების დაშვებაზე იყო იქ საუბარი.

ანუ ვიღაცის ტენდერზე, ფულის კეთებასა და ბიზნესინტერესების ლობირებაზე კი არ იყო, ვიღაცამ ვიღაცას მისცა საშვი, რომელთან დაკავშირებითაც კითხვები დაისვა პარლამენტში და ამ საშვზე იყო რეფერირება, რომელიც განცხადების პათოსის დონეზე შეცდომა იყო. ეს თვითონ გიორგისაც უთქვამს რამდენჯერმე. რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, რასაც ახლა წამდაუწუმ ახსენებენ კონტექსტიდან ამოღებული ფრაზებით", - თქვა ქემოკლიძემ.

ფრაზა "ქართულ-ჯიგრულ პონტში" გახარიამ პრემიერმინისტრობის დროს, 2020 წლის 27 მაისს პარლამენტში თქვა. კითხვა კი, რაზეც მან ეს პასუხი გასცა, საგანგებო მდგომაროების დროს კონკრეტული კომპანიებისთვის საქმიანობის უფლების მიცემას ეხებოდა. ამ კითხვაზე გახარიამ უპასუხა: "რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას "ქართულ-ჯიგრულ პონტში" რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ".


close დახურვა