logo
ENG



თორნიკე მამალაძე: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემი ძმა ვინმეს გაურიგდა, ძალიან ცდება

15 თებ 202417:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/15/r4907o94rwr7xdf.jpg

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მისი ძმა გიორგი მამალაძე ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რის საფუძველზეც უდოს კომისიამ გაათავისუფლა. ფორმულას ეთერში მამალაძემ თქვა, რომ უდოს კომისიამ ჯანმრთელობის მდგომარეობით იხელმძღვანელა და "ბრალდებები, რომ დეკანოზი იტყუებოდა, გაქარწყლდა".

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემი ძმა ვინმეს გაურიგდა, ძალიან ცდება", - აღნიშნა მამალაძემ.

"მას შვიდი წელი უსამართლოდ გაატარა ციხეში და წელიწადი და 9 თვე ჰქონდა დარჩენილი და ამ პერიოდსაც რამენაირად გაატარებდა. ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. ის მოთხოვნები, რაც უდოს კომისიის წევრებს აქვთ, თითოეულ მათგანს აკმაყოფილებდა და დიდი ალბათობით ფიზიკურად აღარა შეეძლოთ უარის თქმა და სავარაუდოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სავალალო მდგომარეობამდე არ მისულიყო ჩემი ძმა", - განაცხადა დეკანოზის ძმამ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე უდოს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე 14 თებერვალს გაათავისუფლეს. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფდა. 

მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წელს დამძიმდა და ამ პერიოდში იგი პენიტენციურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

მედიასთან პირველ კომენტარში მამალაძე საკაცეზე იწვა. დეკანოზის თქმით, ის უდანაშაულოა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ბრძოლას გააგრძელებს. 


close დახურვა