logo
ENG



"ნარჩუნდება საფრთხე, გაიცა რეკომენდაცია 7 ოჯახის გადაყვანაზე" - სააგენტოს ანგარიში ნერგეეთზე

16 თებ 202414:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/16/lyisd8eu1f903he.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტო 2024 წლის 7 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში განვითარებულ კლდეზვავურ ტიპის მეწყერთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე.

სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ადგილზე გაიცა რეკომენდაცია ადგილზე მცხოვრები 7 ოჯახის გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ ნერგეეთის დანარჩენ დასახლებულ უბნებზე გრძელდება მონიტორინგული დაკვირვებები.

ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოდ, შესაძლებელია მეწყრის რეგრესიულად (უკუსვლით) გაფართოება-გააქტიურება, თავისი უარყოფით შედეგებით, რასაც სააგენტოს ცნობით, მოწმობს მოწყვეტის კიდის პარალელურად 2-3 მეტრში დაფიქსირებული ხილული ნაპრალები.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მეწყრული მასების აკუმულაციის კვალი ასევე დაფიქსირდა მდინარე ხანისწყლის მარცხენა ტერასულ საფეხურზე, თუმცა აღნიშნულია, რომ ნაკლებ სავარაუდოა ტერასული საფეხურების ამგები ნალექების დინამიკაში მოსვლა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად შედგენილ და გამოცემულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში ნერგეეთზე მითითებულია, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც 7 თებერვალს მეწყრული მოვლენა განვითარდა, შეფასებული არ ყოფილა.

***

გასულ დღეებში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი. ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა. 6 თებერვალს ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.


close დახურვა