logo
ENG



სარჯველაძე: უტიფარი და უსუსური მცდელობაა ნავალნისა და სააკაშვილს შორის პარალელის გავლება

17 თებ 202416:16
3 წუთის საკითხავი
clock 297
2024/02/17/mch0e90wtr2iu07.png

ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, "უტიფარი და უსუსური მცდელობაა" ნავალნისა და სააკაშვილს შორის პარალელის გავლება.

"სრულიად უტიფარი და ამავდროულად, უსუსური მცდელობაა, რომ რაიმე პარალელი და განზოგადების საშუალება ნახონ ნავალნის შემთხვევასა და სააკაშვილის შემთხვევას შორის. მე მგონია, რომ ეს არის სრული ამორალობა - პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლაც რეჟიმის მსხვერპლია", - ამბობს სარჯველაძე.

დღეს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

***

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.


close დახურვა