logo
ENG



რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

19 თებ 202410:50
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. პარალელეულად, ისინი შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

ექიმები კლინიკის რეორგანიზაციისა და შენობის დანგრევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. მათი თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ საავადმყოფოს თანამშრომლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ამასთან, მედიკოსებს სურვილი აქვთ, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ, რათა პროტესტის მიზეზი დეტალურად გააცნონ.

"ჩვენ შეხვედრა მამუკა მდინარაძესთან გვქონდა. წარმოვადგინეთ არგუმენტები, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული ბრძანება და აღარ დაიკეტოს კლინიკა 15 მარტს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და მზაობა, რომ ისევ გვექნება შეხვედრა ბატონ მამუკასთან და ასევე, სურვილი გვაქვს, შევხვდეთ ბატონ ირაკლი კობახიძეს. მაგრამ პარალელურად, ვინაიდან, ეს ბრძანება არ არის შეჩერებული, ჩვენი პროტესტი გრძელდება.

ამ კვირაში, ადამიანების გარკვეული ჯგუფი გეგმავს უკიდურეს პროტესტს, კერძოდ, შიმშილობის დაწყებას. ჩვენ ამ კლინიკისთვის ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას. აქ ვიქნებით და ჩვენს ინტერესებს დავიცავთ", - ამბობს ექიმი გივი პისარევი.

11 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყეს. უწყების ცნობით, კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გრძელდება კლინიკის შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკნის მიხედვით, ავარიულია და გადაუდებელ დემონტაჟს ექვემდებარება.

22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, "თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს".


close დახურვა