logo
ENG



ლუაზო სააკაშვილზე: არ უნდა იჯდეს ციხეში... კარგი იქნებოდა, საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება

22 თებ 202409:11
3 წუთის საკითხავი
clock 431

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი, ნატალი ლუაზო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს.

როგორც ევროპარლამენტარი ფორმულასთან წერილობით აღნიშნავს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, უმნიშვნელოვანესია. მან ისაუბრა ალექსეი ნავალნის სიკვდილის ბუნდოვან გარემოებაზე და აღნიშნა, რომ ამის ფონზე მნიშვნელოვანია საქართველომ ევროპული არჩევანის დემონსტრირება მოახდინოს.

ლუაზომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერილით მიმართა და მესამე პრეზიდენტის მდგომარეობისთვის ყურადღების მიქცევა სთხოვა.

"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ადვოკატირება რამდენიმე თვის წინ დავიწყე. დღეს კიდევ ერთხელ ვიმაღლებ ხმას ერთი აშკარა მიზეზის გამო: ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ქართველი ხალხის შთამბეჭდავი მობილიზაციისა და საქართველოს პრეზიდენტის დამაჯერებელი რიტორიკის წყალობით. მივესალმები წინ გადადგმულ ამ ნაბიჯს. ევროპული გზის არჩევა ნიშნავს ევროპული ღირებულებების არჩევას. ამიტომ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება თანმიმდევრულობის საკითხია.

სახელმწიფოს ყოფილი მეთაური არ უნდა იჯდეს ციხეში, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ მისი ბედი პოლიტიკურ გათვლებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ექიმებმა, რომლებმაც ის მოინახულეს, მისცეს ჩვენება და არსებობს შეშფოთების მიზეზი. ვითარების გამოსწორების კარგი გზა იქნებოდა, მას მიეცეს საქართველოს დატოვების და საზღვარგარეთ მკურნალობა უფლება. საქართველო არ არის რუსეთი. ამაზე ყველა ვთანხმდებით. ახლა, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ პუტინის რეჟიმი მზად არის გამოიყენოს ყველაზე ცუდი საშუალებები განსხვავებული ხმების ჩასახშობად, ჩვენ ველით, რომ საქართველო მისი გაცხადებული ევროპული არჩევანის დემონსტრირებას მოახდენს", - აცხადებს ლუაზო.

 


close დახურვა