logo
ENG



Sky News: რუსეთი ბრიტანეთიდან საქონელს მაინც იღებს, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნების გავლით

22 თებ 202411:31
3 წუთის საკითხავი
 

ბრიტანულმა Sky News-მა ოფიციალური საბაჟო სტატისტიკის დეტალური კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სანქციების მიუხედავად, რუსეთი ბრიტანეთიდან საქონლის მიღებას აგრძელებს, მათ შორის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გავლით. რეპორტაჟში საქართველოც არის ნახსენები.   

Sky News-ის ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთიდან რუსეთში ექსპორტი სანქციების დაწესების შემდეგ მკვეთრად შემცირდა, ექსპორტი გაერთიანებული სამეფოდან ყოფილ საბჭოთა ქვეყნების ჯგუფში - უზბეკეთიდან საქართველომდე, უპრეცედენტო ტემპით გაიზარდა. 

"დიდი მოცულობის "ორმაგი დანიშნულების" ბრიტანული საქონელი კვლავ პოულობს გზას მოსკოვისკენ. ის იგზავნება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, საიდანაც ისინი რუსეთში გადააქვთ", - აცხადებს Sky News-ი. 

ტელეკომპანიის ცნობით, ბრიტანეთიდან ყირგიზეთში ექსპორტი დაახლოებით 1 100% გაიზარდა. 2022 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია სომხეთშიც.

"ბრიტანული  საქონლის ექსპორტი კავკასიის და ცენტრალური აზიის 4 ქვეყანაში, ომის დაწყების შემდეგ 500%-ზე მეტით გაიზარდა", - აცხადებენ კვლევის ავტორები. საუბარია დრონებისა და ვერტმფრენის  ნაწილებზე, სანავიგაციო და სხვა სახის აღჭურვილობასა და ტექნიკაზე. 

კავკასიისა და ცენტრალური აზიის ამ 4 ქვეყანაში გაგზავნილი საქონლის ყველაზე დიდი კატეგორია იყო "თვითმფრინავების, შვეულმფრენების ან უპილოტო თვითმფრინავების ნაწილები".


close დახურვა