logo
ENG



პაპუაშვილი: 2023 წელს პარლამენტმა 622 კანონი მიიღო

22 თებ 202413:20
3 წუთის საკითხავი
clock 273

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ პარლამენტში გასულ წელს 65 პლენარული სხდომა ჩატარდა და 622 კანონი იქნა მიღებული. 

"გამოწვევების მიუხედავად, პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა მიმართულებით საქმიანობის გზით არ დაუშურებია ძალისხმევა ჩვენი ხალხისა და სამშობლოს ინტერესების დასაცავად", - აცხადებს პაპუაშვილი.

ამასთან პაპუაშვილი ამბობს, რომ ჩატარებულის სხდომების 15%-ს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია. 

"მიღებული კანონებიდან აღსანიშნავია ისეთი კანონები, როგორიც არის: წყლის რესურსების მართვის შესახებ; სამრეწველო ემისიების შესახებ; ტურიზმის შესახებ; საჯარო შესყიდვების შესახებ; ელექტრონული კომერციის შესახებ; პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ; თავდაცვის კოდექსი; პენიტენციური კოდექსი; მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები; სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ოპოზიციას ამგვარი კანონების განხილვაში თითქმის არ მიუღია მონაწილეობა. არადა სწორედ მსგავსი საკითხებია, რომლებიც სინამდვილეში გადამწყვეტია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის და ევროკავშირთან ჩვენი არსებითი დაახლოებისთვის", - ამბობს პაპუაშვილი. 

ანგარიშის ამ ნაწილს გამოეხმაურა გირჩის წევრი სანდრო რაქვიაშვილი. მისი თქმით, ასეთი რაოდენობით კანონების მიღება ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი ცუდად მუშაობს. 

"622 კანონიო, ჩემი აზრით საშინელებაა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდად ვმუშაობთ, იმიტომ, რომ ე.ი. ბევრ ისეთ სფეროში ვერევით, რომელშიც არ უნდა ჩავერიოთ. ზოგადად, სადღეგრძელოების დონეზე, თუ ისე საუბარში ჩვენ ყველა ვამბობთ, რომ თავისუფლება გვიყვარს, თავისუფალი ერი ვართ, სუვერენიტეტზე ვზრუნავთ. ასეთი კითხვა მექნება, ბატონო შალვა, 622 კანონიდან რამდენი კანონი იყო თქვენი აზრით, დაახლოებით, რომელიც ადამიანის თავისუფლების გაფართოებას ეხებოდა, არა შემზღუდველი, არა დასჯის კანონი, არა სასჯელების ზრდის კანონი, არა რეგულაციების შემოღების კანონი, არამედ კანონი, რომელიც ერთ ცალკეული მოქალაქის თავისუფლებას აფართოებს", - თქვა რაქვიაშვილმა. 

 


close დახურვა