logo
ENG



"საუბარი შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს" - კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

22 თებ 202416:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/22/009j41m53oz5i74.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო "ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა" და "თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს".

"მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.

ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორივე საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები, რაც აფართოებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა", - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მთავრობის ცნობით, ხაზი გაესვა "ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით".

"პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა", - წერს ადმინისტრაცია.


close დახურვა