logo
ENG



ვინ რამდენს ხარჯავს მეტას პლატფორმებზე პოლიტიკურ რეკლამაში - ISFED-ის მიმოხილვა

28 თებ 202413:19
3 წუთის საკითხავი
clock 339
2024/02/28/f8sfsvfkbnflxos.png
Photo credit: Money@flickr

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აქვეყნებს იმ გვერდების სიას, რომლებმაც 2023 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 23 დეკემბრამდე მეტას პლატფორმებზე ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამა განათავსეს.

ორგანიზაციის ცნობით, ამ პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, რაც წინა კვარტალზე 288-ით მეტია.

 მოცემულ პერიოდში მეტას რეკლამების ბიბლიოთეკაში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც 2 927-ით მეტია, ვიდრე წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვი.

გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია, 113 606 დოლარით მეტი წინა კვარტალის დანახარჯებზე.

ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მსხვილი დანახარჯის მქონე გვერდებია - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქართული ოცნება, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი ვაშაძე, TV IMEDI, რა კეთდება, საქართველოს მთავრობა.

 

 

რეკლამების აქტიურად განმათავსებელი გვერდები  

მეტას ბიბლიოთეკაში მოცემული რეკლამების რაოდენობის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში დასპონსორებულ პოსტებს ყველაზე აქტიურად ვატო შაქარიშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" ფეისბუქგვერდი - Georgia First NEWS აქვეყნებდა.

დარეკლამებული მასალები, ძირითადად, ანტიდასავლურ, ირიბად პრორუსულ, უკრაინის საწინააღმდეგო, ანტილიბერალურ და ჰომოფობიურ ნარატივებს შეიცავდა. რეკლამებში წარმოჩენილი იყო რუსეთისადმი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების არაეფექტურობა, რუსეთის ეკონომიკური მდგრადობა, ომში უკრაინის მარცხის ფაქტობრივი გარდაუვალობა, აშშ-სა და ევროკავშირის სახელმწიფოებში გენდერული და სექსუალური იდენტობის თავსმოხვევა და სხვა. გავრცელებულ მასალებში, განსაკუთრებით, შეინიშნებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, აგრეთვე, ევროკავშირისა და უკრაინის ლიდერების მადისკრედიტირებელი კამპანია, ხოლო პოზიტიური გზავნილები მიემართებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. ამავდროულად, დასავლეთი დადანაშაულებული იყო სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევაში, რის მაგალითადაც სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები სახელდებოდა. გვერდზე განთავსებულ რეკლამებში მიუთითებდნენ, რომ მსგავსი სცენარის განხორციელება საქართველოშიც იყო დაგეგმილი. 

აღსანიშნავია, რომ დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომის მეორე ფრონტში ჩართვის მცდელობებშიც იყო დადანაშაულებული. საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით კი რეკლამები ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებსაც შეიცავდა.

ISFED-ის ცნობით, 2023 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი პოლიტიკური/სოციალური რეკლამის განმათავსებელი გვერდებია:

Georia First News; Postv- ანალიტიკა; მაუწყებელი - Mautskebeli; Tabula - ტაბულა; Georgian Dream - ქართული ოცნება.

 

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, მეტას პოლიტიკური რეკლამებისთვის საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, ოფიციალურ აქტორებს შორის, პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების, სხვა საჯარო უწყებების, აგრეთვე, მედიასაშუალებების გვერდებზე დაიხარჯა.

არაოფიციალური/ანონიმური აქტორების რეკლამების ძირითადი ნაწილი კი მმართველი პარტიის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიას მოიცავდა.   

მეტას პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა (Ad Library), რომელიც არჩევნების, სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს უყრის თავს, საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან მოქმედებს. მისი მიზანი კომპანიის კუთვნილი პლატფორმების მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული აქტორებისთვის პოლიტიკური და სოციალური შინაარსის რეკლამების განმათავსებლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

პოლიტიკური რეკლამები მეტას პლატფორმებზე საქართველოში (2023 წლის ოქტომბერი-დეკემბერი) 


close დახურვა