logo
ENG



პრეზიდენტი არ პასუხობს კითხვას სააკაშვილის შეწყალებაზე, საუბრობს ექსტრადიციის შესაძლებლობაზე

29 თებ 202412:13
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.

"რამდენად იქნება ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება იმ ფონზე, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაშია?" - ამ კითხვაზე პასუხად პრეზიდენტმა თქვა, რომ "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი". ის ამბობს, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური ოპონენტი ციხეში და ის სასჯელს რეალური დანაშაულებისთვის იხდის.

ზურაბიშვილმა არ უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყნის რეპუტაციისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ სააკაშვილი "სადმე სხვაგან ყოფილიყო". მან მოიყვანა სხვა ქვეყნების მაგალითები, სადაც მსგავსი პრობლემები გადაიჭრა და მათ შორის, ერთ-ერთ შესაძლებლობად სააკაშვილის ექსტრადიცია დაასახელა.

ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის შეწყალებაზე კომენტარს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ აკეთებს. მისი თქმით, ეს არის საკითხი, რომელზეც ვერც გარე და ვერც შიდა ზეწოლა ვერ იმოქმედებს და "მორალურ გადაწყვეტილებას" თავად მიიღებს.

"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი. ის არ არის პოლიტიკური ოპონენტი, რომელიც ციხეში ზის. ახლა ვხედავთ და სხვა დროსაც გვინახავს ტოტალური რეჟიმების მიერ ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევის ტენდენცია. ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ, ასე რომ, ის ციხეში რეალური მიზეზების გამო ზის. ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული თვალსაზრისით ის არ უნდა იყოს დაცული, ან არ უნდა ჰქონდეს ღირსეული მოპყრობა.

რა თქმა უნდა, რეპუტაციული თვალსაზრისით უკეთესი იქნებოდა, რომ ის სადმე სხვაგან ყოფილიყო და ეს გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს, მაგრამ არის სხვა გზებიც, მაგალითად, როგორ აგვარებენ პრობლემებს სხვა ქვეყნებში. არსებობს შინაპატიმრობა, ექსტრადიცია. უკრაინამ აჩვენა, რომ ის მზადაა ექსტრადიცია მოითხოვოს - ეს შესაძლებლობა არსებობს.

ჩემის მხრივ ერთი შესაძლებლობა მაქვს, რაზეც არასდროს ვაკეთებ კომენტარს ქვეყნის გარეთ და რთულად ვპასუხობ ამ კითხვას ქვეყნის შიგნით. ბევრი სხვა ადამიანი ელოდება შეწყალებას და ახსნას თუ დაიწყებ, არასამართლიანი იქნება მათ მიმართ. ასე რომ, კომენტარს არ გავაკეთებ. ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და მხოლოდ მე ვიქნები პასუხისმგებელი. ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც გარე ან შიდა ზეწოლა იმოქმედებს", - თქვა პრეზიდენტმა.


close დახურვა