logo
ENG



შემოსავლების სამსახური: ვიცავთ სანქციებს, აშშ-ს მივმართეთ და მოვთხოვეთ განმარტებები

29 თებ 202418:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/29/vemuwix2jr3pq2a.jpg

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ "საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს".

ამ განცხადებით შემოსავლების სამსახური ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საქართველოს მიერ შესაძლო არიდებაზე ისაუბრეს.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ამერიკელ კოლეგებს მიმართეს და მოსთხოვეს განმარტება, "თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება".

"მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე რუსეთის მიერ, ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებისთვის თავიდან არიდების საკითხებზე მსჯელობისას, სენატორების - რონ ჯონსონისა და რიჩარდ ბლუმენთალის, ასევე სხდომაზე მოწვეული ექსპერტების მიერ, გაკეთებული განცხადებების მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, შემდეგს:

კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მონაცემებს. გარდა ამისა, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე მიმართა ამერიკელ კოლეგებს და მოთხოვნილია განმარტება თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება.

კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით. ამ ეტაპისთვის, არ არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი არცერთი შემთხვევა. კოლეგების მხრიდან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას"- ნათქვამია განცხადებაში.

27 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტმა რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებისთვის თავიდან არიდების საკითხებზე იმსჯელა.

 

სენატორის, რონ ჯონსონის თქმით, ბოლო კვლევით გამოჩნდა, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკაში ბევრი დასავლური კომპონენტია. მან დაასახელა რამდენიმე არასანქცირებული ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, აშშ-დან სამხედრო კომპონენტების იმპორტს ლეგალურად ახდენენ, შემდეგ კი პირდაპირ ან ირიბად ის რუსეთში გააქვთ. 


close დახურვა