logo
ENG



ამილახვარი: ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ეროვნულების გარეშე იქნება შესაძლებელი

01 მარ 202400:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/01/golkbwdhps490zx.jpg

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად ეროვნული გამოცდების ჩაბარება სავალდებულო არ იქნება. როგორც მან ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა, თუ სტუდენტს სურვილი ექნება გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

მინისტრის ახალი ბრძანებით ზოგიერთ მიმართულებაზე საბაკალავრო პროგრამა შესაძლოა გახდეს სამწლიანი, ხოლო სამაგისტრო - ერთწლიანი. საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე ეს ბიზნესის მიმართულების სტუდენტებს შეეხებათ. მისივე თქმით, უნივერსიტეტს თვითონ შეუძლიათ აირჩიონ, განახორციელონ ორივე პროგრამა - ოთხწლიანი და სამწლიანი - ან ერთ-ერთი.

რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, ამილახვარი განმარტავს, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას გარკვეული შეზღუდვები ექნება, მაგალითად, სადოქტორო საფეხურის გაგრძელება შეზღუდული იქნება.

"ესეც ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ ახლავე, მიმდინარეობს სფეროს ექსპერტებთან მუშაობა, სხვა მიმართულებიც გავხსნათ. ასევე წინსწრებით გეტყვით, რომ ამ სამოცკრედიტიან, ანუ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას, ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ აბიტურიენტს სურვილი ექნება, გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა", - აღნიშნა ამილახვარმა.


close დახურვა