logo
ENG



"კოკაინი", "მარიხუანა", "ლსდ", "მდმა", "კეტამინი" - ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს

11 მარ 202410:51
3 წუთის საკითხავი
clock 324
2024/03/11/kp8oefkakbjs9up.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 ადამიანი დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე, ან თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

"დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და მათი უკანონო რეალიზაციის მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1975 წელს დაბადებული გ.ბ., 1995 წელს დაბადებული ქ.ჩ. 2001 წელს დაბადებული ჯ.კ. 2002 წელს დაბადებული ო.ს. 1999 წელს დაბადებული დ.გ. 1985 წელს დაბადებული ბელარუსის მოქალაქე მ.მ წარსულში ნასამართლევები: 1981 წელს დაბადებული ნ.ზ. და 2001 წელს დაბადებული გ.გ.", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულების პირადი, მანქანებისა და ბინების ჩხრეკის შედეგად სხვადახვა სახის ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. შსს-ის განცხადებით, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი დაკავებულის ბინიდან კოკაინი, მდმა, მარიხუანა, ექსტაზი, ლსდ, პსილოციბინი და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი ამოიღეს.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში გ.გ-ს პირადი ჩხრეკისას ნივთმკიცებად 12 შეკვრა მარიხუანა ამოიღეს.

"გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - ტელეგრამის გამოყენებით ახდენდა. ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ჯ.კ- ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 34 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება მეთადონი, რომლის განთავსებასაც ბრალდებული სხვადასხვა ლოკაციაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გეგმავდა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველო თანამშრომლებმა თბილისში, გ.ბ-ს და ქ.ჩ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ალფა პვპ და მეფედრონი, ასევე, ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერება. სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო პოლიციამ გ.ბ-ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგადაც. ამასთან, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.

გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს დ.გ-ც. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული 26 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ. გარდა ამისა, პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ განთავსებული კიდევ 9 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ნ.ზ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი, ნივთმტკიცებად ამოღებულია 8 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მ.მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი. მ.მ- ს საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 261-ე,18-261-ე მუხლებით, ასევე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

 

close დახურვა