logo
ENG



ანტიკორუფციულმა ლაგოდეხის სოფელ ნინიგორის მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა

11 მარ 202413:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/11/qpuhhnd4tfx06z1.png

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა.

ფორმულას ინფორმაციით, თორნიკე ციცვიძეს სახელმწიფო მიწების თაღლითურად გასხვისება ედება ბრალად.

ირკვევა, რომ ადგილობრივების სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მიმდებარე ტერიტორიას ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ხელში  იგდებენ.

ფორმულამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ადგილობრივები მიწების უკანონო გასხვისებაზე საუბრობდნენ.

მერის წარმომადგენელი თორნიკე ციცვიძე მაშინ ამ ბრალდებას უარყოფდა და უსაფუძვლოს უწოდებდა, თუმცა, სუს-მა გამოძიება მაინც დაიწყო და ციცვიძე დააკავა.

განახლება: სუს-მა ციცვაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების, თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბისთვის დააკავეს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ თ.ც-ის მიერ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, მოქალაქეები თაღლითურად დაეუფლნენ 1 746 934 ლარის ღირებულების სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 37 864 მ2 მიწის ნაკვეთს. გარდა ამისა, თ. ც. პირთა ჯგუფთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითურად დაეუფლა 105 199 ლარის ღირებულების 1928 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს ამ დროისთვის ადევს ყადაღა.

როგორც ცნობილია, 2023 წლის 15 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში დააბრუნებს თაღლითურად დაუფლებულ მიწის ნაკვეთს ან აანაზღაურებს ეკვივალენტურ ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი გასხვისებულია კეთილსინდისიერ შემძენზე. აღნიშნული კანონი არ ვრცელდება საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.

აღნიშნულის გამო, მოქალაქეებს, რომლებიც თ.ც-ის დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, განემარტათ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც არ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლია კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა