logo
ENG



მინისტრის თქმით, სამაგისტრო-საბაკალავრო სრულად დისტანციური სწავლების პროგრამები შეიქმნება

11 მარ 202413:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/11/w4msfg7xmeagww9.jpg

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც დისტანციური სწავლების რეფორმას ეხება.

კერძოდ, მინისტრმა თქვა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ნაწილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლების დისტანციურად წარმართვა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ შესაძლებელი ხდება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის სრულად ელექტრონული პროგრამის შექმნა.

გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ კანონპროექტის მიღების შემდგომ გაჩნდება სრულად ახალი მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში - "ონლაინ უნივერსიტეტის ცნება", რაც მისივე თქმით, "სრულად ახალი შესაძლებლობაა".

"დღეს განხილული იქნა მთავრობის სხდომაზე, რომელიც ჩვენმა უწყებამ წარადგინა კანონპროექტი პაკეტი უმნიშვნელოვანეს საკითხზე - ეს ეხება ელექტრონული დისტანციური სწავლების რეფორმას. პრაქტიკულად, ახლებურად ყალიბდება და იცვლება ეს მიმართულება. აქამდე, მოგეხსენებათ მხოლოდ პანდემიის პირობებში ხდებოდა აღნიშნული სწავლება და მათ შორის, ამ პროცესმაც უმაღლეს განათლებაში, ეს ეხება მხოლოდ უმაღლეს განათლებას და რიგ შემთხვევაში, პროფესიულ განათლებას.

ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე, ასევე საქართველოში არსებულ გამოცდილებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად, ასევე, ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციური პროგრამის შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და განხორციელება როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისთვის. [...]

კანონპროექტით, მისი მიღების შემდგომ, გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში - ეს არის ონლაინ უნივერსიტეტის ცნება და კონცეფცია, რომლის კონცეფციის სტანდარტების დამუშავება დაევალება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება, რაც პრაქტიკულად სრულიად ახალ შესაძლებლობას და კარს გააღებს განათლების სექტორისთვის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა მინისტრმა.

2024 წლის პირველ მარტს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ასევე თქვა, რომ რთწლიანი სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად ეროვნული გამოცდების ჩაბარება სავალდებულო არ იქნება. როგორც მან ტელეკომპანია იმედის ეთერში აღნიშნა, თუ სტუდენტს სურვილი ექნება გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

ასევე, მინისტრის ბრძანებით, უნივერსიტეტებს შეეძლებათ, ზოგიერთი მიმართულების ბაკალავრი 3-წლიანი გახადონ, ხოლო მაგისტრატურა 1-წლიანი გახადონ. ეს ბრძანება ძალაში უკვე შევიდა. 


close დახურვა