logo
ENG



დავით კეზერაშვილის წარმომადგენლის განცხადება აშშ-ის ვიზაზე უარსა და თანმხლები პროცედურების შესახებ

13 მარ 202417:00
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წარმომადგენელი მისთვის ვიზაზე უარის თქმისა და ამასთან დაკავშირებით აშშ-ის საჯარო უწყებებისგან ინფორმაციის გამოთხოვის საკითხს ეხმიანება.

კეზერაშვილმა სასამართლო პროცედურა წამოიწყო მას შემდეგ, რაც გასული წლის ზაფხულში აშშ-ის ვიზა ვერ მიიღო, ამის საფუძვლის შესახებ გამოთხოვილი დოკუმენტები კი დადგენილ ვადებში არ მიაწოდეს. ეს Courtlistener.com-ზე გამოქვეყნებული კოლუმბიის ოლქის რაიონული სასამართლოს სარჩელიდან ირკვევა.

დავით კეზერაშვილის წარმომადგენლის კომენტარს სრულად გთავაზობთ:

"საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლება განმეორებითად უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა დავით კეზერაშვილს სხვადასხვა მართლმსაჯულების ორგანოს წინაშე.

ამ დრომდე ყველა სასამართლომ ევროპაში, რომელმაც განიხილა ეს ბრალდებები, დაინახა მათი ნამდვილი ხასიათი - რომ ეს არის პოლიტიკური ნადირობა კუდიანებზე, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსის გაჩუმებაა. მძლავრი პოლიტიკური მოტივაციები დაინახა ინტერპოლმაც, რომელმაც დიდი ხნის წინ შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნების გათვალისწინება.

მას შემდეგ, რაც ევროპაში ამოწურეს სასამართლოები და მართლმსაჯულების ორგანოები, რომლებიც მათ მოუსმენდნენ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცილისწამების კამპანია ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმართა.

დავით კეზერაშვილმა აშშ-ში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზას მიმართა, რომ შესაბამისი უწყებებისგან გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში მოიპოვოს მის შესახებ დოკუმენტებზე წვდომა. ეს წმინდად პროცედურული საკითხია და არ აქვს სხვა იმპლიკაციები, გარდა დავით კეზერაშვილის მოტივაციისა, რომ სრულად იყოს ინფორმირებული პროცესისა და დოკუმენტაციის შესახებ".

კეზერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოითხოვს, აშშ-ის ინფორმაციის თავისუფლების აქტის (FOIA) მე-5 თავის 552-ე მუხლის ფარგლებში, გადაეცეს მასზე არსებული ჩანაწერები და დოკუმენტები.

სარჩელის თანახმად, ვიზაზე უარის თქმის მიზეზი 2023 წლის 1-ლი მაისით დათარიღებული დადგენილებაა, რომელიც ემიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212(a)(2)(I) მუხლს დაეყრდნო.

აღნიშნული მუხლი ფულის გათეთრებას ეხება.

სარჩელიდან ირკვევა, კეზერაშვილმა B2 ტიპის ვიზაზე განაცხადი 2023 წლის 4 აპრილს შეიტანა. მას უარი გასული წლის 18 ივლისს განუცხადეს.

განაცხადზე უარის თქმის შემდეგ, კეზერაშვილმა აშშ-ის ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე მოითხოვა, გადაეცეს ყველა დოკუმენტი და ჩანაწერი, რომელზე დაყრდნობითაც მას B2 ტიპის ვიზაზე უარი უთხრეს.

დეპარტამენტმა კეზერაშვილის მოთხოვნა დასაშვებად ცნო და აღნიშნა, რომ მისი დაკმაყოფილება "რაც შეიძლება სწრაფად მოხდებოდა", თუმცა ამ დრომდე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჩანაწერები არ მიუღია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსარჩელეს აქვს კანონიერი უფლება, მოიპოვოს ჩანაწერები - მოპასუხე მხარემ დაარღვია ვალდებულება, კანონის ფარგლებში გადასცემოდა მოსარჩელეს მოთხოვნილი ჩანაწერები გონივრულ ვადაში.


close დახურვა