logo
ENG



5 NGO: ოცნება კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციას აფერხებს

13 მარ 202413:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/13/fv5y2rryp3hdm8l.jpg

5 არასამთავრობო ორგანიზაცია მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება "კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს".

განცხადებაში საუბარია ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშზე, რომლის თანახმადაც საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას. შემოწმება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, სასამართლოს თავმჯდომარეებსა და ამ პოზიციებზე დასანიშნ კანდიდატებს.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან იკვეთება, რომ აღნიშნული დათქმა მათთვის მიუღებელია, რის გამოც უარს ამბობენ მექანიზმის შექმნაზე. ასევე, NGO-ების თქმით, საგულისხმოა, რომ ხელისუფლების რიტორიკას სწორედ ის პირები შეუერთდნენ და კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას სწორედ ის მოსამართლეები დაუპირისპირდნენ, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართაც საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა არსებობს.

"პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს ფაქტი უკვე აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. გარდა ამისა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელიც ხარვეზებით მიმდინარეობდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კრიტიკის საგანი გახდა.

მათ შორის, უარყოფითი შეფასებები გაკეთდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერაც, რომელიც პროცესს მონიტორინგს უშუალოდ უწევდა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა, ამ პროცესის ხარვეზების შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისათვისაც კარგად არის ცნობილი", - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა რომელიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, სასამართლოს გუშაგი, დემოკრატიის მცველები, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, ნახსენებია მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმება - ე.წ ვეტინგი.

ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.

ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.


close დახურვა