logo
ENG



ჯორჯიან მანგანეზი პროტესტზე: თვითნებურად, კანონდარღვევით შეაფერხეს სამუშაო პროცესი

13 მარ 202420:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/13/o1wl7szjikufy9z.png

ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტზე განცხადებას ავრცელებს წერს, რომ "რადიკალურმა ჯგუფმა თვითნებურად, კანონდარღვევით შეაფერხა სამუშაო პროცესი".

კომპანიაში ამბობენ, რომ გადაკეტილია კორონხალის მაღაროს შესასვლელი. შუქრუთის მაღაროზე გათიშულია ცენტრალური განიავების სისტემა, რამაც დასაქმებულთა ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.

"აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც ისჯება კანონით", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, "რადიკალურად განწყობილ ჯგუფს", რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებს, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს. ამბობენ, რომ თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა.

"პროცესში ჩართული ადგილობრივები კი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და წარმოაჩინონ, რომ კომპანიისგან კომპენსაციები არ მიუღიათ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია ასაჯაროებს გაცემული თანხების ოდენობას. 2020-წლიდან სოფელ შუქრუთსა და პერევისაში ჯამში დაახლოებით 11 მილიონი ლარი გაიცა. კომპენსაციებით დაკმაყოფილების პროცესი დროებით გლობალურმა კრიზისმა შეაფერხა. მიმდინარე თვიდან კი თანხების გაცემა კატეგორიების მიხედვით განახლდა. ჯორჯიან მანგანეზი მოუწოდებს პროცესის მონაწილეებს, არ შეაფერხონ, როგორც კომპანიის ოპერირება, ასევე კომპენსაციების გაცემის პროცესი", - წერს ჯორჯიან მანგანეზი.

დღეს შუქრუთის მოსახლეობამ აქცია გამართა. ამბობენ, რომ მათ კერძო საკუთრების ქვეშ ჯორჯიან მანგანეზი წლებია, რაც მანგანუმს მოიპოვებს, რამაც სახლების დაზიანება გამოიწვია. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიამ მოსახლეობის წინაშე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება დაარღვია და იძულებულები გახდნენ, პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართათ.

 

close დახურვა