logo
ENG



სააკაშვილი პრეზიდენტს: მოხსენით გრიფით საიდუმლო სამთავრობო ხარჯებს, ჩემი პროცესიც შეწყდება

18 მარ 202411:40
3 წუთის საკითხავი
clock 346

"მოხსენით გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებს" - ასე მიმართა პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს გააკეთა. სააკაშვილის თქმით, თუ ზურაბიშვილი სამთავრობო ხარჯებზე გრიფით საიდუმლოს მოხსნის, ეს ავტომატურად შეწყვეტს ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეს.

ამასთან, სააკაშვილი ზურაბიშვილის მიერ შეწყალებაზე კითხვის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "შეწყალება არ არის მორალური საკითხი". 

"ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, მე მესმის, რომ ის ხშირად ამბობს, მას შემდეგ, რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა ჩემს გათავისუფლებაზე და ევროპარლამენტმა, მრავალმა სახელმწიფოს ხელმძღვანელმა მიმართა ის ამბობს, რომ ეს არის მორალური საკითხი. ქალბატონო სალომე, მორალური საკითხი არ არის. ასევე ის, რომ მოიხსნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ რომ მე მასამართლებთ იმაზე, რასაც დღეს ყოველდღე აკეთებს მთავრობა. თქვენ გაქვთ უფლებამოსილებაში, მოხსენით და ეს ავტომატურად შეწყვეტს ამ პროცესს, მღებრიშვილის ჩვენების შემდეგ საქმე ავტომატურად უნდა გამოცხადებულიყო დახურულად და გამოსულიყო გამამართლებელი განაჩენი. თუ გამოაქვეყნებთ დღევანდელ ხარჯებს, ეს ზუსტად მოხდება", - თქვა სააკაშვილმა.


close დახურვა