logo
ENG



პაატა ბურჭულაძის სარჩელი შალვა რამიშვილის წინააღმდეგ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

19 მარ 202416:43
3 წუთის საკითხავი
clock 376
2024/03/19/k5myhf0val7lr7r.jpg

მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის სარჩელზე, რომლითაც ის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის შალვა რამიშვილს უჩივის, სასამართლომ ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა პაატა ბურჭულაძის არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და მისი სარჩელი POSTV-ის პროპაგანდისტი ჟურნალისტის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ, საქართველოში ყველა ინსტანციის ამოწურვის შემდეგ კი, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებენ.

"მოგეხსენებათ, POSTV და შალვა რამიშვილი დღეს რა მხარეს წარმოადგენს ხელისუფლებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მოსამართლემაც ჩათვალა, თითქოსდა სარეზოლუციო ნაწილიდან გამომდინარე ის განცხადებები რაც გაკეთდა შალვა რამიშვილის მხრიდან შეესაბამება ეტყობა სიმართლეს, მათი შეფასებით. [...]

თითქოსდა, ამ განცხადებებით არ შელახულა პაატა ბურჭულაძის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, რომ დღეს საქართველოში ღირსებას, პატივს და საქმიან რეპუტაციას არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არ აქვს - მთავარია, რომელ მხარეს წარმოადგენ, ვისი ინტერესების დამცველი ხარ და რა პოზიცია გიჭირავს. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების მხარე რომ ყოფილიყო ამის ადრესატი, აუცილებლად სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას, რითაც დადასტურდებოდა, რომ შეილახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

დღეს ფაქტია, რომ არც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მოხდება აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, არც უზენაესი სასამართლოს მიერ. [...] შესაბამისად, პაატა ბურჭულაძის საქმის ბოლო, როდესაც აქ ამოწურული იქნება ყველა რესურსი, იქნება სტრასბურგის სასამართლო", - განაცხადა ადვოკატმა.

POSTV-ის ეთერში ქართული ოცნების პროპაგანდისტმა შალვა რამიშვილმა პაატა ბურჭულაძეს ფონდ იავნანაში საქმიანობისას თაღლითობასა და ფულის მითვისებაში დაადანაშაულა.

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ახლა რამიშვილს მოუწევს მტკიცებულებები წარმოადგინოს ბრალდებებზე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდ იავნანას ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოძიება 2017 წლის 20 სექტემბერს დაიწყო, რასაც საფუძვლად “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” განცხადება დაედო. ორგანიზაციამ საგამოძიებო უწყებას მიმართა, რომ ფონდ იავნანას ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

საგამოძიებო ფილმი, რის საფუძველზეც “აფბამ” პროკურატურას მიმართა, პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავნანას“ საქმიანობის შესახებ POSTV-მ გაავრცელა.

პაატა ბურჭულაძე აცხადებდა, რომ აღნიშნული ბრალდებები ფონდისა და იქ მომუშავე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.


close დახურვა