logo
ENG



რუსეთის მტკიცებით, საფრანგეთი უკრაინაში გასაგზავნად ჯარისკაცებს ამზადებს, საფრანგეთი უაყოფს

20 მარ 202412:13
3 წუთის საკითხავი
clock 308
2024/03/20/jqmumejbtb8zvpx.jpg

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის სერგეი ნარიშკინის მტკიცებით, რუსულ მხარეს აქვს ინფორმაცია, რომ საფრანგეთი უკვე ამზადებს სამხედრო კონტინგენტს უკრაინაში გასაგზავნად. ეს განცხადება მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას გააკეთა და თქვა, რომ საწყის ეტაპზე დაახლოებით 2 000 ჯარისკაცზეა საუბარი.

"საფრანგეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას არ აინტერესებს რიგითი ფრანგების სიკვდილი და გენერლების შეშფოთება. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში შემოსული მონაცემების თანახმად, უკრაინაში გასაგზავნი კონტინგენტი უკვე მზადდება. პირველ ეტაპზე ეს 2 000 ადამიანს მოიცავს", - თქვა მან.

დაზვერვის სამსახურის დირექტორის თქმით, ფრანგი სამხედროები შიშობენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შენაერთის უკრაინაში ჩუმად გადაყვანას და იქ განლაგებას ვერ შეძლებენ.

"ამგვარად, ის გახდება რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმების პრიორიტეტული ლეგიტიმური სამიზნე. ეს ნიშნავს, რომ მათ ელით ყველა ფრანგის ბედი, ვინც ოდესმე მახვილით მოსულა რუსეთის ტერიტორიაზე", - აღნიშნავს ნარიშკინი.

სერგეი ნარიშკინის მიერ გავრცელებულ ცნობებს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა, რომელმაც განცხადებებს უპასუხისმგებლო და დეზინფორმაციული უწოდა. მათი თქმით, ეს განცხადება "კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის მიერ დეზინფორმაციის სისტემურ გამოყენებას".


close დახურვა