logo
ENG



მელონი: პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, დიდი ხნის წინ შეგვეშინდებოდა

25 მარ 202421:31
3 წუთის საკითხავი
clock 302
2024/03/25/yixig0od38yaaqa.jpg

იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ მას პუტინის მუქარის შემცველი რიტორიკა არ აშინებს. მელონის კომენტარს იტალიური მედია ავრცელებს.

მელონიმ კომენტარი გააკეთა Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა მომხდარი უკრაინასთან დააკავშირა და თქვა, რომ "თავდამსხმელებმა დამალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ".

"ვფიქრობ, სიტუაცია არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც აქამდე ხდებოდა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება. კერძოდ, შეკავების უზრუნველსაყოფად, რაც ევროპამ და დასავლეთმა უკვე შეძლო. რეალურად, ეს საუკეთესო გარანტიაა იმისა, რომ ესკალაცია არ იქნება. პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, დიდი ხნის წინ შეგვეშინდებოდა" - ამბობს მელონი.

***

22 მარტს, მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი უნდა გამართულიყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 133 ადამიანი. 

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ 11 ადამიანი დააკავეს, მათგან ოთხივე უშუალო მონაწილეა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მედვედევის თქმით, თუ თავდასხმაში უკრაინელები არიან დამნაშავე, მათ რუსეთი "სათანადოდ გაუმკლავდება".

რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის დაზვერვა კი აცხადებს, რომ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაციაა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობაზე "არაფერი მიუთითებს".

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათ საკუთარი განცხადების რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენიათ.


close დახურვა