შაბათის ფორმულამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ყოფილ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მისი კაბინეტის 2 მინისტრს კორუფციაში ამხელს. დოკუმენტი, რომელიც შაბათის ფორმულამ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული წყაროსგან მოიპოვა, ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობას ეხება. აღსანიშნავია, რომ მშენებლობა ჯერ კიდევ 2 წლის უნდა დასრულებულიყო.
თავდაპირველად, 2021 წელს, ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ეკა ტიკარაძემ ინფექციურის ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. რამდენიმე თვეში ახლადარჩეულმა პრემიერმა ღარიბაშვილმა ტენდერი გააუქმა, ხოლო ტიკარაძე ზურაბ აზარაშვილით ჩაანაცვლა. ცვლილებებიდან რამდენიმე კვირაში, ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ინფექციურის ახალი შენობის მშენებლობა ქართული ოცნების მსხვილ შემომწირველ კომპანია - ანაგს დაეკისრა. ანაგს კონტრაქტი პირდაპირი შესყიდვის გზით [ტენდერის გარეშე] გაუფორმეს.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სწორედ ამ სამშენებლო კომპანიას, პირდაპირი შესყიდვის წესით უფორმდებოდა ხელშეკრულებები - თავდაცვის, ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამ ხელშეკრულების დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია. დოკუმენტში კი რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა, ჩანს რომ ანაგს ღარიბაშვილმა წინასწარ გადაურიცხა 25 მილიონამდე ლარი - მაშინ როცა შენობის მშენებლობა ამ დრომდე დასრულებული არ არის.
შაბათის ფორმულამ კითხვები ჯანდაცვის ახალ მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს დაუსვა, თუმცა მისი აზრით, ღარიბაშვილის მიერ კომპანიისთვის წინასწარ გადახდილი თანხა დარღვევას არ წარმოადგენს.
ანაგის დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი, რომელიც შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებული კონტრაქტის ხელმომწერია, ამბობს, რომ საავადმყოფოს მშენებლობა დროში მისი სპეციფიკურობის გამო გაჭიანურდა. შენობა მე-3 წელია უფუნქციოა, თუმცა ანაგი საპროექტო სამუშოების ვადაგადაცილებისთვის მხოლოდ ერთხელ დააჯარიმეს.
რატომ ჩაშალა ღარიბაშვილმა ტენდერი და რა ნიშნით შეარჩია შპს ანაგი? ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც შაბათის ფორმულას წყაროა, იმ კორუფციულ სქემას შიფრავს, რომელზე დაყრდნობითაც ყოფილი პრემიერი მისი უახლოესი გარემოცვის - ჯანდაცვისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრების მეშვეობით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ითვისებდა. კერძოდ, წყაროს თქმით, სხვადასხვა მასშტაბური სამშენებლო პროექტების განხორციელებას ისინი გამარტივებული წესით და საიდუმლო ხელშეკრულებით კომპანია ანაგს აბარებდნენ და თანხებსაც წინასწარ ურიცხავდნენ. წყარო ამბობს, რომ მშენებლობის თანხები გაორმაგებული იყო და ამ თანხების ნაწილი ე.წ. ატკატის გზით ღარიბაშვილთან მიდიოდა. ამ სქემით მოხდა თანხების მითვისება ინფექციური საავადმყოფოს შენობის შემთხვევაშიც. მიღებული შავი ფულის ნაწილი პარტია ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ ხმარდებოდა.
ახალი ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობა ჯერ კიდევ პანდემიის დროს დაანონსდა. კლინიკა დღემდე ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს. ტერიტორია, სადაც ახალი შენობა აშენდა დიღომში მდებარეობს. 2014 წელს, სახელმწიფომ ეს ტერიტორია საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის ძმას, გია საგანელიძეს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიჰყიდა. შესყიდვის პირობა - ტერიტორიაზე კლინიკის აშენება იყო, თუმცა საგანელიძემ პირობა დაარღვია. ამის შემდეგ, 2020 წელს სახელმწიფომ მიწა 4 მილიონ ლარად გამოისყიდა.
ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილი ახალ საავადმყოფოში გადასვლა 2022 წლის 31 იანვარს დააანონსა. ვადაგადაცილებისთვის ანაგი მაშინ არათუ დააჯარიმეს, არამედ თანხები კიდევ გაუზარდეს. კერძოდ, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური მაშინ ამბობდა, რომ რემონტისთვის 20 მილიონი ლარი არის გამოყოფილი, თუმცა რამდენიმე კვირაში ხელშეკრულება მალევე შეიცვალა და თანხა 4 მილიონით გაიზარდა. ეს შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებული დოკუმენტებითაც დასტურდება.
ე.წ. ატკატების და ელიტური კორუფციის შესახებ საუბრობენ გამჭვირვალობა საქართველოში. სქემას, რომლის შესახებაც შაბათის ფორმულას სამინისტროდან გამოსული წყარო უყვება, არასამთავრობო ორგანიზაციაშიც ადასტურებენ. მათი კვლევებით ისიც ირკვევა, რომ ანაგი იღებს მსხვილს კონტრაქტებს და შემდეგ შემოწირულობის სახით ურიცხავს ოცნებას. 2023 წლის ბოლო 3 თვეში სხვადასხვა კომპანიებმა ქართულ ოცნებას 10 მილიონამდე ლარი შესწირეს - მათ შორის არის ანაგიც, რომელმაც სხვადასხვა რგოლის გამოყენებით მმართველ პარტიას თანხები გადაურიცხა. მხოლოდ კომპანიის დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ქართულ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა.