logo
ENG



კინემატოგრაფისტები აუდიტის სამსახურს კინოცენტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებენ

01 აპრ 202416:40
3 წუთის საკითხავი
 

ორგანიზაცია ქართული კინო საფრთხეშია წევრები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავენ და მოითხოვენ, შემოწმდეს კინოცენტრის საქმიანობა და დაინტერესდნენ ბერლინალეზე გაწეული ხარჯებით.

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინო-ბაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის - 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენდა.  

"ბოლო 10 თვის განმავლობაში კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები უფრო და უფრო მეტ კითხვას აჩენს კინემატოგრაფისტებსა და ფართო საზოგადოებაში. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ: როგორ არ პასუხობს ავტორთა ოფიციალურ წერილებს კინოცენტრი; როგორ არ გასცემს საჯარო ინფორმაციას; ჯერ როგორ ათავისუფლებს თანამშრომლებს მცირე ბიუჯეტისა და კადრების შემცირების მოტივით, მოგვიანებით კი მმართველი პარტიის პროპაგანდისტებს ასაქმებს იმავე ან ახლადშექმნილ პოზიციებზე; როგორ ვერ ნიშნავს დირექტორს. ამასთან, არა მხოლოდ კინოცენტრის ისტორიაში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით უპრეცედენტოდ დიდ დელეგაციას, 34 ადამიანს, სახელმწიფო ხარჯით გზავნის ბერლინის კინოფესტივალზე.

ამისათვის კინოცენტრის თანამშრომლებად აფორმებს პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებში დასაქმებულებსა და არაკომპეტენტურ პირებს. კონკურსის შემფასებელი კომისიის წევრებად ნიშნავს არა სფეროს პრაქტიკოსებს, არამედ კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრის აუდიტისა და ფინანსური დეპარტამენტების თანამშრომლებს, რომლებსაც კინო-პროექტების პროფესიულად შეფასების კომპეტენცია არ გააჩნიათ. ეს კიდევ ერთი ცხადი დასტურია იმისა, რომ კინოცენტრი სრულად იმართება კულტურის სამინისტროს მიერ და ის აღარაა დამოუკიდებელი ინსტიტუცია.

ვენ ვხედავთ, როგორ გადაიქცა საქართველოს ერთადერთი კინოფონდი, საჯარო ფულის განმკარგავი ინსტიტუცია - კინოცენტრი - სახელმწიფო რესურსის მფლანგველ, ჩაკეტილ და ფუნქციამორღვეულ ორგანიზმად. კინოცენტრის გაუმჭვირვალე,

არადემოკრატიული პოლიტიკის გამო, მივმართავთ საქართველოს გენერალურ აუდიტსსახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-17, მე-18, 24- მუხლების შესაბამისად, კინოცენტრის .. რეორგანიზაციიდან (2023 წლის 12 ივნისიდან) დღემდე შეამოწმოს კინოცენტრის საქმიანობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში და რა პრინციპით იხარჯება ქართული კინოს ისედაც ძალიან მცირე ბიუჯეტი, ხომ არ ხმარდება ის კონკრეტული პარტიული ელიტის პერსონალურ კეთილდღეობას, გართობასა და მოგზაურობას. ქართული კინო ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!", - წერია განცხადებაში.

კინემატოგრაფისტებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიიღეს პასუხი, რომ 5 დღის ვადაში, ფოსტით მიიღებენ წერილობით პასუხს და 5 დღის შემდეგ დაიწყებენ იმ მოთხოვნების შესწავლას, რომელიც განცხადებაშია მოცემული.


close დახურვა