logo
ENG



ნაცვლიშვილი ოცნებას: გარეგნული ნიშნებით ცდილობთ ნაკრების გამარჯვებას მიეტმასნოთ

02 აპრ 202412:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/02/rsurp3jpwfhukdg.jpg

ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართა. მისი თქმით, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დადო სტანდარტი, რომელსაც პოლიტიკოსებმა უნდა უპასუხონ.

მან ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნაკრების წარმატებამ ქვეყნის მოქალაქეებს გამარჯვების რწმენა დაუბრუნა. 

"ეს არის ის სტანდარტი, რომელიც მათ დადეს და ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ამ სტანდარტს უნდა უპასუხონ პოლიტიკოსებმა, ამიტომ დღეს აქ, ამ გარეგნული ნიშნების ნაცვლად, რომლითაც ცდილობთ, რომ ამ გამარჯვებას და ამ ძალიან დიდ წარმატებას მიეტმასნოთ, ჯობია ის ასპარეზი გაიხსენოთ, რომელიც თქვენ გხვდათ წილად და რომელსაც ძალიან დაუდევრად, უპასუხისმგებლოდ ანიავებთ.

ფეხბურთელებმა და სპორტსმენებმა თავისი საქმე გააკეთეს და ნამდვილად შეიყვანეს ეს ქვეყანა ევროპაში. მათ არ დაუწყიათ ბაქი-ბუქი, არ დაუწყიათ შანტაჟი და არ დაუწყიათ ზერელე განცხადებები. მათ იშრომეს იმისთვის, რომ ფეხბურთში ევროპული სტანდარტი დაედოთ. თქვენ გმართებთ შრომა იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მოწყობაში, კანონიერი ჩარჩოს შექმნაში და შემდეგ ამ ჩარჩოს პრაქტიკაში დაცვაში დადოთ ევროპული სტანდარტი, რასაც ჯიუტად და ძალიან უპასუხისმგებლოდ, მაგრამ მიზანმიმართულად არ აკეთებთ. შემთხვევით, ხომ არ შეგინიშნავთ უცხოელი მწვრთნელი, რომლის ძალიან დიდი დამსახურებაა გუნდის გამარჯვებაში. იმასაც ხომ არ გააპროტესტებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე უცხოელებმა უნდა შეაფასონ ქართული გუნდი. კი, ასეთ მარაზმამდე ხართ მისული", - თქვა ნაცვლიშვილმა.

 


close დახურვა