logo
ENG



POG: სამტრედიაში კაცი ცოლის ძმამ მოკლა, ქალმა დანაშაული დაიბრალა

06 აპრ 202418:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/06/rmyi8hgvsdstq0n.png

საქართველოს პროკურატურა სამტრედიაში 2 აპრილს მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, მოკლული ადამიანი მისი მეუღლის ძმებმა და ნათესავებმა სცემეს. ხოლო მას შემდეგ, რაც კაცი 112-ში დარეკვას აპირებდა, ქალის ძმამ მას, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგადაც კაცი გარდაიცვალა.

"საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე, გამოძიებით დადგენილი ახალი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა და 1 პირს ბრალდება დაუზუსტა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მოკლული მამაკაცის მეუღლეს წარედგინა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული სამმა პირმა, კერძოდ მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს. აღნიშნულის შესახებ ნაცემი მამაკაცი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას აპირებდა, რის გამოც მეუღლის ძმამ მას მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა, მათ შორის მოკლულის მეუღლემ მომხდარის თაობაზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიწოდეს. გარდაცვლილის მეუღლემ პირველ ჩვენებაში მის მიერ არჩადენილი დანაშაული - მეუღლის მკვლელობა დაიბრალა და თავად აღიარა", - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

ცნობილია, რომ მკვლელობაში ბრალდებულს თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ აღკვეთა ემუქრება, ხოლო დანარჩენ დაკავებულებს - 3-დან 7 წლამდე ვადით.


close დახურვა