Freedom House ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველო სერბეთსა და უნგრეთთან ერთად, ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმების სიაშია შეყვანილი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავს ქვეყნებში ძირითადი ინსტიტუტები, როგორიცაა მედია და სასამართლო გასცდნენ პოლიტიზაციის იმ დონეს, რომელიც დამახასიათებელია კლასიკური ჰიბრიდული რეჟიმებისთვის და ახლა "ფაქტობრივად, მმართველი პარტიის ტყვეობაში იმყოფებიან, რომელიც მათ ბოროტად, პარტიული და პირადი სარგებლობისთვის იყენებენ."
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ მსგავსი რეჟიმების მქონე ქვეყნებისთვის დამახასიათებელია "დომინანტური ძალის პოლიტიკა." ასეთ სახელმწიფოებში ოპოზიციას ან სამოქალაქო საზოგადოებას აქვს გარკვეული სივრცე მოქმედებისთვის, მაგრამ მმართველ პოლიტიკურ ფრაქციას შეუძლია თავიდან აიცილოს ნებისმიერი ცვლილება ხელმძღვანელობაში. ასეთი სახელმწიფოს მაგალითად კი დღევანდელი სერბეთია მოყვანილი.
Freedom House თავის ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ ამ კატეგორიის ქვეყნებში "დომინანტი ძალა" კრიტიკოსების დათრგუნვას, უმეტესად, ფარული ტაქტიკით ახდენს. სხვა შემთხვევაში კი ღიად გამოიყენება ისეთი შემზღუდავი კანონები, როგორიცაა უნგრეთის სუვერენიტეტის დაცვის ახალი აქტი. ამ კანონით, არსდება სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც აქვს უფლება გააკონტროლოს, გამოიძიოს და აღნუსხოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა.
ხაზგასმულია ასევე საშინაო და საერთაშორისო ზეწოლა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, როცა ასეთი ზეწოლა ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმის ეს კატეგორია, ჩვეულებისამებრ, დათმობაზე მიდის. ამის მაგალითად დოკუმენტში საქართველო და 2023 წლის მარტში რუსული კანონის შემოღების წინააღმდეგ გამოწვეული პროტესტია მოყვანილი, როცა ხელისუფლება იძულებული გახდა უკან გაეწვია კანონპროექტი.
დოკუმენტის ქვეთავის ბოლოს კი აღნიშნულია, რომ ვინაიდან ავტოკრატიზებული ჰიბრიდები უახლოვდებიან მართვის სრულად ავტორიტარულ სტილებს, "საერთაშორისო საზოგადოებას არ უნდა ეშინოდეს, რომ მათ სწორედ ამგვარი რეჟიმების მსგავსად მოექცეს". Freedom House არ გამორიცხავს სანქციების გამოყენების შესაძლებლობასაც.
"ავტოკრატიზებული ჰიბრიდები კვლავ რეაგირებენ საერთაშორისო ზეწოლაზე, ეს ევროკავშირმა ნათლად წარმოაჩინა ორბანის მხრიდან უკრაინის დაფინანსების საკითხის წინააღმდეგობის გაწევისას.