სოციალური სამართლიანობის ცენტრი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავების შემთხვევაში, მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.
"აქციის მონაწილეთ საყურადღებოდ, იმ შემთხვევაში, თუ დაგაკავეს, ჩვენი ადვოკატები მზად არიან, უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დახმარება.
დაგვიკავშირდით: +995 577 07 05 63", - წერს ორგანიზაცია.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდელო ორგანოსთან აქცია 19:00 საათზეცაა დაგეგმილი.
***
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.