logo
ENG



კრიმინალური პოლიციის უფროსის თქმით, აქციაზე 4 ადამიანია დაკავებული

15 აპრ 202423:04
3 წუთის საკითხავი
clock 363
ფორმულა/ლანა მრავლაძე

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 4 ადამიანია დაკავებული. კუპატაძე ამტკიცებს, რომ დაკავებულები "დესტრუქციულად მოქმედებდნენ". ამაზე მან ტვ პირველთან ისაუბრა.

"ამ ეტაპზე 4 პირია დაკავებული, რომლებიც არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. აგრესიულად მოქმედებდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას. დესტრუქციული ძალები, ვინც ცდილობს გაარღვიოს პოლიციის კორდონი, ხდება მათი განეიტრალება. დაკავებას ვგულისხმობ"- თქვა კუპატაძემ.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სიტუაცია დაძაბულია.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. მშვიდობიანი პროტესტის ფონზე ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა. ჩართეს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალიც. 

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ "არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს".

დაკავებულების შესახებ უწყებას განცხადება არ გაუვრცელებია.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი I მოსმენით მიიღო. 

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა