logo
ENG



TI მოუწოდებს შსს-ს, დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მიერ ჟურნალისტების ცემის ფაქტებზე

17 აპრ 202401:48
3 წუთის საკითხავი
clock 378
TI მოუწოდებს შსს-ს, დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მიერ ჟურნალისტების ცემის ფაქტებზე
ფორმულა/ლანა მრავლაძე

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმას განცხადებით ეხმაურება და მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება.

ამასთან, TI მოუწოდებს სამინისტროს, დააყენოს კანონის დამრღვევ პირთა პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო შეახსენებს სამართალდამცველ უწყებებს, რომ ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევაა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციელებმა პუბლიკასა და ტაბულას ჟურნალისტებს სცემეს. სპეცრაზმი ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდა. 

პარლამენტთან, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს, ვითარება ცოტა ხნის წინ დაიძაბა. სპეციალური დანიშნულების რაზმები ადგილზე რჩებიან და მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან.

ამ წუთებში, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან არის მობილიზებული.

რუსული კანონის განხილვა პარლამენტში 16 აპრილს დაიწყო. მისი მოსმენა 17 აპრილს, სიტყვით გამოსვლებით განახლდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს 17 აპრილს უყრის. 

მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა. 


close დახურვა