logo
ENG



საერთაშორისო გამჭვირვალობა მთავრობას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს

18 აპრ 202417:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/18/e8ytc5bkwsvnl8y.png

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში რუსული კანონის ხელახალ ინიცირებასა და რუსთაველის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის მიერ კანონპროექტის შემოტანასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებსა და ევროინტეგრაციის პროცესს.

"ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს და მიღწეულ პროგრესს ქვეყანაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით. ეს ასევე სერიოზული უკუსვლაა სამოქალაქო თავისუფლებებისთვის, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებისთვის საქართველოში და არის ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ერის ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენთვის ასევე შემაშფოთებელია არჩევნების მონიტორინგისა და სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედია საშუალებების მიმართ გაუარესებული და შეზღუდული გარემო", - წერია განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავრობას კანონპროექტის გაწვევისა და სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოზე. იმისთვის, რომ ნებისმიერმა ახალმა კანონმდებლობამ გააძლიეროს საქართველო გამჭვირვალობისა და დემოკრატიულობის მხრივ, ორგანიზაცია მთავრობას სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციული დიალოგისაკენ მოუწოდებს.

"შემოთავაზებული კანონმდებლობა მიზნად ისახავს უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია სუბიექტების კატეგორიზაციას, როგორც "ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს უცხოელი ძალაუფლების წარმომადგენელთა ინტერესებს", დასახელება, რომელსაც თან სდევს მძიმე სტიგმას და მიმართულია მათი სასიცოცხლო საქმიანობის დისკრედიტაციისა და შემცირებისაკენ. ასეთი ზომები არა მხოლოდ შემზღუდველია, არამედ საზიანოა დემოკრატიული დისკურსისა და ჩართულობისთვის.

ამ საკანონმდებლო ინიციატივას საერთაშორისო დამკვირვებლების სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობის წარმომადგენლების, ევროკომისიის, ევროპარლამენტის წევრებისა და აშშ-ს სენატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წევრების მხრიდან. აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ კანონი წარმოადგენს მიზანმიმართულ თავდასხმას საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე და მსგავსია არადემოკრატიული რეჟიმების მსგავს მჩაგვრელ კანონებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა პარალელს ავლებს რუსეთში 2012 წელს შემოღებულ კანონთან, რომელსაც "მკაფიოდ ასახავს" ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონი.

ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო დარჩეს გზაზე, "რომელიც მხარს უჭერს ღია საზოგადოების განვითარებას, ყველა დაინტერესებული მხარის ძლიერი მონაწილეობით, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის პროგრესს ევროპული ინტეგრაციისა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ."


close დახურვა