logo

10 კადრი და 10 წელი - როგორ მიიტაცეს 17 მაისი
ავტორი: გვანცა ნემსაძე
17 მაი 202115:07
3516
მთავარი ფოტო: REUTERS/David Mdzinarishvili / დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

17 მაისი - ამ დღეს მსოფლიოში ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები და ქვიარები თანასწორობისთვის საბრძოლველად გამოდიან. 

თითქმის 10 წელია, რაც საქართველოში ლგბტქ აქტივისტები ცდილობენ, საჯაროდ დაგმონ ჰომოფობია და ტრანსფობია. ამ დღის აღნიშვნისთვის გარდამტეხი 2013 წელი იყო, როცა ძალადობრივად განწყობილმა ათასობით სასულიერო და სამოქალაქო პირმა პოლიციის კორდონი გაარღვია და აქტივისტები დაარბია. 

ბოლო წლების ქრონოლოგია აჩვენებს, როგორ დაკარგეს აქტივისტებმა ამ დღის საჯაროდ აღნიშვნის უფლება.

2011

17 მაისის აღსანიშნად პირველად მხოლოდ რამდენიმე აქტივისტი შეიკრიბა.

2012

ამ წელს ლგბტქი აქტივისტები ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გეგმავდნენ. მათ გზად "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "ვახტანგ გორგასლის კავშირის" წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გზის გადაკეტვის მცდელობის დროს პოლიციამ 3 ლგბტ აქტივისტი დააკავა. 

2013

ეს წელი, შეიძლება, ითქვას განმსაზღვრელი იყო ყველა იმ მოვლენის, რაც მომდევნო წლებში, ამ დღის აღნიშვნას მოყვა. 

2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია ძალადობრივად განწყობილმა სასულიერო პირებმა და ჭინჭრებით შეიარაღებულმა მრევლმა დაარბიეს. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

2014

წინა წლის მოვლენების შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა, რითაც სასულიერო პირებმა და მრევლმა ქალაქის მთავარი გამზირი დაიკავეს.

პუშკინის სკვერში აქცია-ინსტალაცია "უხილავების პროტესტი" მოეწყო.

 

2015

Რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფი მრგვალ ბაღში და იუსტიციის სახლთან შეიკრიბა. უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ ტერიტორიაზე ყველა შესასვლელი გადაკეტა. აქციის მონაწილეების უსაფრთხოდ გასაყვანად, მობილიზებული იყო ყვითელი ავტობუსები. 

2016

ამ წელსაც, ტრადიციულად, რესპუბლიკის მოედანი "ოჯახის სიწმინდის დღის" აღნიშვნაში ჩართულმა მღვდლებმა დაიკავეს. მსვლელობის მონაწილეებს შორის იყო პროპუტინური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერი ლევან ვასაძე.

აქტივისტების ნაწილმა ლგბტ დროშის ფერებში შეღება საპატრიარქოს შენობის კედელი. შსს-მ "თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებისთვის" ადმინისტრაციული წესით 10 ადამიანი დააკავა.

2017

2013 წლის მთავარი მოვლენიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ, ლგბტ აქტივისტებმა დილის 10 საათზე, პოლიციის გაძლიერებული კორდონით, 1 საათით შეძლეს შეკრება. წინასწარ დარეგისტრირებული დემონსტრანტები ადგილზე ყვითელი მიკროავტობუსებით, განგებ ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიიდან, შსს-მ მიიყვანა. 

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, "ოჯახის სიწმინდის დღეს" აღნიშნავდნენ.

2018

17 მაისამდე რამდენიმე დღით, ადრე ნეო-ნაცისტური და ფაშისტური დაჯგუფებები გამოვიდნენ და ლგბტ აქტივისტების დარბევით იმუქრებოდნენ.

Მთავრობის კანცელარიასთან მოსალოდნელი საფრთხის გამო გაუქმებული აქცია მაინც გაიმართა. ტერიტორიაზე შესასვლელი ყველა გზა პოლიციის რკინის კორდონით იყო ჩაკეტილი, თუმცა იქ, შეპარულმა 15 წლის მოზარდმა ნიქო გორგილაძეს სახეში დაარტყა მაშინ, როცა ის სიტყვით გამოსვლისას ამბობდა:

"სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან". 

2019

ამ წელს ლგბტქი თემის წევრებს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე ქუჩაში არ აღუნიშნავთ

"ოჯახის სიწმინდის დღის" აღსანიშნავად, სასულიერო პირებმა მორიგი სახალხო მსვლელობა გამართეს. 

2020

კორონავირუსის პანდემიის გამო ჰომოფობიასათან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, "თბილისი პრაიდმა" მხოლოდ ონლაინაქცია გამართა.

საპატრიარქომ ფეხით მსვლელობა გააუქმა და მღვდლებმა თბილისის ქუჩები მანქანებიდან აკურთხეს.

წელსაც, ასევე პანდემიიდან გამომდინარე, სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს.

ლგბტ აქტივისტებს ქუჩაში აქცია არ გაუმართავთ. 

15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტქი უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ისინი შეთანხმდნენ, რომ თითოეული მათგანი იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.



close დახურვა