ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მოუწოდებენ, შეიწყალოს პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია.
ორგანიზაციები მიესალმებიან სალომე ზურაბიშვილის პოზიციას უცხოელი აგენტების კანონპროექტების შესახებ, მისი დაგმობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით და მოუწოდებენ, დაიკავოს ასევე მნიშვნელოვანი პოზიცია პრესის თავისუფლების დასაცავად და საკუთარი უფლებამოსილების გამოყენებით ნიკა გვარამია გაათავისუფლოს პატიმრობიდან.
საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და "გვარამიას ციხიდან გამოშვება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესრულებისკენ".
10 საერთაშორისო ორგანიზაციის წერილი სალომე ზურაბიშვილს:
ძვირფასო პრეზიდენტო ზურაბიშვილო,
ჩვენ, ხელმომწერი ადამიანის უფლებათა და პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები, ვულოცავთ ქართველ ხალხს უცხოელი აგენტების შესახებ შეთავაზებული კანონპროექტების წარმატების გაწვევას და მივესალმებით თქვენს ლიდერობას ამ კანონპროექტების დაგმობასა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით. ჩვენ გწერთ დღეს, რათა გთხოვოთ, დაიკავოთ კიდევ ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პოზიცია პრესის თავისუფლების კუთხით - თქვენი უფლებამოსილების გამოყენებით გაათავისუფლოთ ჟურნალისტი ნიკა გვარამია ციხიდან.
2022 წლის 16 მაისიდან გვარამია, დამოუკიდებელი მაუწყებლის მთავარი არხის დამფუძნებელი და დირექტორს 3.5 წლიანს სასჯელს იხდის სხვა მაუწყებლის დირექტორობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ გვარამიას გასამართლება "კითხვისნიშნებს აჩენს კანონის უზენაესობისადმი საქართველოს ერთგულებას" და ევროპულმა პარლამენტმა რეზოლუციით დაგმო მისი გასამართლება, სასჯელს კი "საეჭვო" უწოდა. საქართველოს სახალხო დამცველმა (ომბუდსმენმა) დაასკვნა, რომ გვარამიას საქმეს არ უნდა მოჰყოლოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. როგორც მთავარი არხის წარმომადგენელი, გვარამია ცნობილი იყო საქართველოს მმართველი პარტიისადმი მწვავე კრიტიკით და მისი დაპატიმრება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, ფართოდ დაგმეს ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებათა ჯგუფებმა.
როგორც ადამიანი, რომელიც მზადაა დაიცვას საქართველოს საერთაშორისო პოზიცია, აღიარებთ, რომ ჟურნალისტის რეპრესიული დაპატიმრება თქვენი ქვეყნისთვის შემაშფოთებელი მობრუნების წერტილია. მას შემდეგ, რაც 1992 წელს ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა დაიწყო დაკავებული ჟურნალისტების მონაცემების შეგროვება, საქართველოს აქამდე არასდროს ჰყოლია გისოსებს მიღმა აღრიცხული თუნდაც ერთი ჟურნალისტი. გვარამიას დაპატიმრება, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა ევრაზიაში რეპრესიული, ავტორიტარული სახელმწიფოების რიგში აყენებს, თქვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია.
როგორც პრეზიდენტმა, თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია. საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის შესახებ 2022 წლის ივნისის შეფასებაში ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის სიაში, რომლებიც უნდა შეასრულოს საქართველომ, რათა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, გვარამიას საქმეზე მკაფიო მითითებით, მათ შორის მოითხოვა, რომ "[საქართველოს ხელისუფლებამ] უზრუნველყოს, რომ სისხლისსამართლებრივი პროცედურები მედიამფლობელების წინააღმდეგ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებით განხორციელდეს". გვარამიას ციხიდან გამოშვება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესრულებისკენ.
შესაბამისად, ჩვენ მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ქართველი ხალხის მიერ უცხოელი აგენტების კანონის მკვეთრი უარყოფით გაჩენილი იმპულსი და დაიკავოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიცია საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით თქვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის გასაძლიერებლად. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი აღმასრულებელი უფლებამოსილება ნიკა გვარამიას ციხიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად." - წერია ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტისადმი წერილს ხელს აწერს 10 საერთაშორისო ორგანიზაცია:
- ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (CPJ),
- Article 19,
- ევროპელი ჟურნალისტების ასოციაცია (AEJ),
- პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF),
- ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია (EFJ),
- Human Rights Watch,
- ფონდი სამართალი ჟურნალისტებისთვის,
- Index on Censorship,
- პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI),
- PEN International,
- რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF)