თეონა ბაკურიძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. თეონა ბაკურიძე, რომელიც ამჟამად ფორმულას ტელეწამყვანია, აღნიშნავს, რომ სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი კოხრეიძის ბრძანებები - ჟურნალისტის ეთერიდან მოხსნისა და გათავისუფლების შესახებ.
"სისტემამ, რასაც ვუპირისპირდებოდით, მაშინაც იცოდა რომ უკანონო იყო ჩემი გათავისუფლება, მაგრამ მათ სჭირდებოდათ დრო რომელიც მოიგეს - 4 წელი. სჭირდებოდათ ჩვენი ჩამოცილება სარედაქციო პოლიტიკიდან. [...] ჩვენ მაშინაც ვიცოდით, რომ ოცნების ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. შეგიძლიათ ერთ გამოშვებას შეხედოთ და ამაში თქვენც დარწმუნდებით", - ამბობს ბაკურიძე.
გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა დისკრიმინაციის ნაწილი, რაზე დავას აგრძელებს.
თეონა ბაკურიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო, როდესაც 2020 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს. მაშინ მიზეზად ტელეწამყვანის მხრიდან დაუმორჩილებლობა დასახელდა.
ბაკურიძე ბევრ სხვა ჟურნალისტთან და მაუწყებლის თანამშრომელთან ერთად ახალდანიშნულ დირექტორს, გიორგი კოხრეიძესა და მის სარედაქციო პოლიტიკას საჯაროდ აკრიტიკებდა. ამ პერიოდში, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომელი მაუწყებლის მიღმა დარჩა.
ტელეწამყვანმა სასამართლოში იჩივლა, თუმცა 2023 წლის დეკემბერში ბათუმის საქალაქო მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბაკურიძე სასამართლოში ითხოვდა, სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, განაცდური თანხის ანაზღაურებასა და სამსახურში აღდგენას.